რეზონანსი
07.08.2018

 (რეზონანსი) საქნახშირის დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.

ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორში უკვე მოინახულეს ადვოკატებმა.

ბრალდებულებს იურიდიული დახმარებით კომპანია საქნახშირი უზრუნველყოფს. საქმის მასალები ადვოკატებს უკვე გადასცეს.

მათი ინფორმაციით, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლოზე მოსამართლესთან დააყენებენ შუამდგომლობას, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები პატიმრობაში არ დარჩნენ.

„ვვარაუდობ, პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს და ჩვენი ფუნქცია იქნება, რომ აქცენტები გავაკეთოთ სასამართლო პროცესზე, რომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებული პატიმრობა არ არის დასაბუთებული და შევეცდებით, რომ არასაპატიმრო სახის აღკვეთი ღონისძიება იქნას შეფარდებული," - განაცხადა ადვოკატმა, თამაზ სვანიშვილმა.

დაკავებულებს ბრალი "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

2018 წლის 5 აპრილს მინდელის შახტში დატრიალებული ტრაგედიის დროს 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×