რეზონანსი
07.08.2018

 (რეზონანსი) ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან დღემდე, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესების დარღვევისთვის 4 700 სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა. ინფორმაციას 1tv შინაგან საქმეთა სამინისტროზე დარდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, კერძო პირებზე სანქცია 50 ლარია, იურიდიული პირისთვის კი, 200 ლარი.

„4 700 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, რაც გულისხმობს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვას, რომელსაც დადგენილი წესით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ ჰქონდა გავლილი. ამაში შედის ყველა კატეგორიის ავტომობილი, რომლისთვისაც ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულოა. ეს მონაცემი მოიცავს ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდს", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა, ბექა ლილუაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით კი ტექდათვალიერების ამოქმედებიდან დღემდე, შემოწმებული 56 906 სატრანსპორტო საშუალებიდან ყოველმა მეოთხემ, ანუ 13 360-მა ავტომობილმა ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა.

„განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე ტესტირების ცენტრებს 9 655 -მა მიმართა. 3 705 სატრანსპორტო საშუალებამ კი განმეორებითი შემოწმება არ გაიარა. 1 539 სატრანსპორტო საშუალებას გზებზე მოძრაობა საერთოდ აეკრძალა", - განმარტეს ეკონომიკის სამინისტროში.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება.

2019 წლის 1 იანვრიდან, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×