თამაზ აქუბარდია
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამარჯვებულმა ქვეყნებმა კორეა იაპონელთა ანექსიისაგან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა იგი 38-ე პარალელის გასწვრივ გავლენის სფეროებად გაინაწილეს, რის შედეგადაც მივიღეთ ჩრდილოეთი კორეა და სამხრეთი კორეა.
არაფერს ვიტყვით ჩრდილოეთ კორეის შესახებ, გარდა იმისა, რომ ეს არის ერის ზომბირების, მისი ღირსების გაუგონარი მასშტაბებით შელახვის წარმოუდგენელი მაგალითი. როდესაც სასამართლომ ყველა იმ კორეელს, რომლებმაც არასაკმარისი(?) გულწრფელობით გამოიტირეს(?) დღევანდელი საჭეთმპყრობელის (სხვა სიტყვებს უბრალოდ ვერ ვპოულობ) მამა, ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო სამხრეთმა კორეამ, ამ დანაწევრების მიუხედავად, არნახულ ეკონომიკურ წარმატებებს მიაღწია და ე.წ. "აზიურ ვეფხვებთან" ერთად (მალაიზია, სინგაპური, ინდონეზია) ე.წ. აზიური სასწაულის ერთ-ერთი წარმომადგენელიც გახდა.
2016 წლის მონაცემებით, სამხრეთ კორეის მოსახლეობა 51 მილონს შეადგენს, ხოლო ფართობი - დაახლოებით 100 ათას კვადრატულ კილომეტრს. მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) თუ 2005 წელს დაახლოებით 900 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 20016 წელს მან უკვე 1,4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა (სამწუხაროდ, ეს გადაჭარბება, რომელიც ჩვენ დამრგვალების მიზნით გავაკეთეთ, ჩვენი ქვეყნის მშპ-ს აღემატება). ათვლის წერტილად ამავე წლის სამომხმარებლო ფასების ინდექსის აღებისას, ანუ ათ წელიწადში მშპ 50 პროცენტზე მეტად გაიზარდა. და ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 1960 წელს კორეა ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს ეკონომიკის მდგრად ზრდას, საშუალო წლიური სამ პროცენტზე მეტი ზრდის ტემპის არსებობის პირობებში და, რომ არა 2008 წლის თითქმის მინუს თერთმეტპროცენტიანი, ხოლო 2012 წლის მინუს ორპროცენტიანი ვარდნა, ზრდის ტემპი გაცილებით მეტი იქნებოდა.
ეკონომიკურმა აღმავლობამ ცხადია, ქვეყანას პოლიტიკური ამბიციებიც გაუჩინა და, დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ ქვეყანა გაერთიანებისკენ ძალზე სერიოზულ ნაბიჯებს დგამს, და, უნდა ვივარაუდოთ, რომ შორს არ არის ის დღე, როდესაც მსოფლიო გაერთიანებულ კორეას იხილავს. და ამ დროს...
სამხრეთ კორეის ასეთი ეკონომიკური აღმავლობის ფონზე ვერავითარ ახსნას ვერ ექვემდებარება ის გასაოცარი, თუ გამაოგნებელი არა, ფაქტი, რომ 1948 წლიდან მოყოლებული, სამხრეთ კორეის არც ერთ პრეზიდენტს "მშვიდობიანად" არ ჩაუთავებია საპრეზიდენტო ვადა. ყველა მათგანი, გამონაკლისის გარეშე, კორუფციული გარიგებების მსხვერპლი შეიქნა და თუ გასული საუკუნის შუა ხანებში კორუფციის არსებობა კიდევ გასაგები იყო, რადგან კორეა მაშინ საკმაოდ ჩამორჩენილი ქვეყნების რანგში გადიოდა, დღეს, ანუ, ბოლო პრეზიდენტი ქალის - პაკ კინ ჰე-ს სკანდალური გადადგომა, მისი კორუფციულ სკანდალში გახვევის გამო, ყოვლად გაუგებარია. მას ბრალად ედება, უფრო სწორად, უკვე დაუმტკიცდა 76 მილიონი დოლარის ღირებულების კორუფციულ აფერაში მონაწილეობა. მას 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და დღეს იგი უკვე პატიმრობაში იმყოფება საპატიმრო დამღით - "ნომერი 503".
ამ საპრეზიდენტო კორუფციულ ბაკქანალიაში, სულ ცოტა, სამი რამ არის გასაკვირი!
პირველი ის, რომ ვერც ერთმა შემდგომმა პრეზიდენტმა წინა პრეზიდენტის დანაშაულებრივი ქმედებებიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა და ისე იქცეოდა, როგორც ახალბედა მძღოლი, რომელიც, ავტოავარიების ხილვისას, საკმაოდ დამშვიდებული გამოიყურება, რადგანაც დარწმუნებულია, რომ მას ეს არ შეემთხვევა;
მეორე ის, რომ საპროტესტო ტალღას სათავეში ყოველთვის სტუდენტობა ედგა, როგორც ყველაზე უკომპრომისო და შეურიგებელი ნაწილი საზოგადოებისა, რომელსაც, წესით, ყველაზე ნაკლებად უნდა ეცალოს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად;
მესამე, და ყველაზე გასაკვირი - ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანა არათუ მაინც ვითარდება, არამედ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების პირველ ოცეულში შედის; უფრო მეტიც, 2016 წლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით სამხრეთ კორეას მსოფლიოში მეთორმეტე ადგილი ეჭირა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, სავალუტო ფონდის შეფასებით, 29-ე ადგილი.
ცხადია, კორუფციას, ამა თუ იმ მასშტაბებით, ყველა ქვეყანაში აქვს ადგილი. საკმარისია განვიხილოთ საფრანგეთის რამდენიმე პრემიერის თუ პარიზის მერის მაგალითი, ინგლისის ერთ-ერთი პრემიერის მიერ საბიუჯეტო სახსრების, დელიკატურად თუ ვიტყვით, არცთუ მთლად გამართლებული გამოყენება, და ბოლოს და ბოლოს ის საშინელება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში საბანკო სფეროს მიერ დატრიალებულმა ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია. მაგრამ ის, რასაც ადგილი აქვს კორეაში, ერთი ისეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ ვშიშობთ, უკეთურებს კიდევ უფრო შემატებს რწმენას თავიანთი ქმედებების აუცილებლობაში საზოგადოებისადმი გაკეთებული სიკეთის კუთხით.
და მართლაც, ისმის რიტორიკული კითხვა - როგორ შეძლო ქვეყანამ, რომელიც 1960 წლამდე ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანას წარმოადგენდა, ეკონომიკური განვითარების ასეთი მაღალი დონის მიღწევა საპრეზიდენტო ხელისუფლების ასეთი პერმანენტული კორუფციული ბაკქანალიის ფონზე? თუ, მეტ-ნაკლებად, კიდევ შეიძლება იმ შეხედულების გაზიარება, რომ თავდაპირველი სიდუხჭირიდან ქვეყნის გამოყვანის აუცილებელ პირობას სწორედ კორუფცია წარმოადგენს, რომელიც ისეთივე როლს თამაშობის ქვეყნის ეკონომიკაში, როგორსაც საწვავ-საცხები ავტომობილის ძრავაში, მაშინ რით შეიძლება აიხსნას მისი ასეთი მასშტაბებით არსებობა უკვე ეკონომიკური აღმავლობის იმ დონეზე, რომელსაც კორეამ დღეს მიაღწია? თუ უნდა დავიჯეროთ ყოვლად დაუჯერებელი შეგონება, რომ, - როგორც ძრავა ვერ იმუშავებს საწვავ-საპოხის გარეშე, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მასტიმულირებელ ძალად კორუფციული გარიგებები უნდა ჩავთვალოთ?
სამხრეთ კორეის სასამართლო ხელისუფლების სასახელოდ და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის ნიშანსვეტად თუნდაც ის გამოდგება, რომ ერთ-ერთ პრეზიდენტს, ჩონ დუ ჰუანს სასამართლომ თავდაპირველად დახვრეტა მიუსაჯა, რომელის შემდგომ ოცწლიანი პატიმრობით შეუცვალა, ხოლო მის შემდგომ პრეზიდენტ რო დე უს სასამართლომ ასევე ხანგრძლივვადიანი პატიმრობა მიუსაჯა და მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ ისინი ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს პატიმრობიდან. მართალია, ეს უკვე შემდეგი პრეზიდენტების ძალისხმევით ხდებოდა, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით სულ უკანასკნელ პერიოდში, ანუ 2017 წელს მოქმედ პრეზიდენტზე, რომლის მიმართაც საქმე მისივე პრეზიდენტობის პერიოდში აღიძრა და, რომელსაც, როგორც აღვნიშნეთ, 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა!
და რა გამოდის? კორუფციის არსებობის წარმოუდგენელი დონის არსებობის პირობებშიც კი ქვეყანა შეიძლება ეკონომიკურ აღმავლობას განიცდიდეს! აქედან შეიძლება ერთი, შესაძლოა, მრავლისმეტყველი დასკვნა გაკეთდეს - კორუფციასთან პერმანენტული ბრძოლის ფონზე, მთავარი და გადამწყვეტი ქვეყნის აღმავლობისათვის მაინც ხელისუფლების სათავეში ისეთი პიროვნების მოსვლაა, რომელიც მართვის უნარით (ბუნებრივი ნიჭით, თუ დიდი გამოცდილებით) დაჯილდოვებული, განათლებული და თავისი ქვეყნის მოყვარული პიროვნებაა! ამის შემდეგ ძნელია უპასუხო კითხვას, ამ მხრივ, ჩვენ რა გვჭირს? რა გვემართება? კორუფციის დონით არც არასოდეს არ ჩამოვრჩებოდით არავის...