აკაკი გვიმრაძე
02.08.2018

 ეს იყო 1468 წლის 13 ივლისს, როდესაც პოლონეთში პირველი საპარლამენტო სესია გაიმართა - 2018 წელს კი ქვეყანა პოლონური პარლამენტარიზმის 550 წლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს ზეიმობს.

პოლონელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის წარმატებით დასრულდა - პოლონეთი დღეს არის ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომლის უსაფრთხოება გარანტირებულია ალიანსის მიერ და რომლის ეკონომიკაც სწრაფი ტემპით იზრდება.

პოლონეთისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად დედექალაქ ვარშავას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების საპარლამენტო დელეგაციები ესტუმრნენ, რომლებმაც 12-13 ივლისს ორდღიან ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა: პარლამენტის თავმჯდომარეთა მე-3 სამიტი და მთავარი ღონისძიება, პარლამენტარიზმის 550 წლის იუბილე, რომელიც ვარშავას სამეფო სასახლეში გაიმართა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ სასახლეში შეკრიბილი დელეგაციების წინაშე პოლონეთის პარლამენტარიზმის ისტორიისა და მისი განვითარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

 "მე-15 საუკუნის ბოლოს სეიმის პირველი საპარლამენტო სესიის შემდეგ საფუძველი ჩაეყარა საპარლამენტო კულტურას, აზრთა ურთიერთგაცვლა და ერთიანობისკენ სწრაფვა გახდა ის მთავარი წყარო, რისი საშუალებითაც იქმნებოდა კანონები და იმართებოდა რეჩი პოსპოლიტა.

"ეს იყო შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებს მონაწილეობა მიეღოთ საზოგადოებრივ საქმიანობაში, მიეღოთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის მათი არჩეულების საშუალებით.

"ეს არის პოლონური სახელმწიფო წყობის დნმ-ს კოდი, რომელიც დამოუკიდებელია ყველა ისტორიული მოვლენებისა და გეოპოლიტიკური ცვლილებებისგან, აგრეთვე - ქვეყნის საზოგადოებრივი და ეკონომიკური წყობისგან", - თქვა დუდამ.

პრეზიდენტის განცხადებით, პარლამენტარები არ შეიძლება, მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ინტერესს გამოხატავდნენ.

"დეპუტატები და სენატორები მუდამ უნდა უსმენდნენ ხალხის ხმას, რათა ღირსეულად წარმოადგენდნენ მათ. თითოეულმა, ვისაც კი ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია პატივად რგებია, კარგად იცის, რომ საუკეთესო ჯილდო ისაა, როდესაც მასზე იტყვიან: "ჩვენი დეპუტატი", "ჩვენი სენატორი", ესე იგი, მისი სჯერათ, როგორც ხალხის რეალური წარმომადგენლის", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×