ვაშინგტონში რუსეთის პრეზიდენტ ვალადიმერ პუტინის ვიზიტამდე, რომელიც 2019 წლის თებერვალში იგეგმება, შესაძლოა, მოსკოვს აშშ-ის პრეზიდენტი დონალ ტრამპი ეწვიოს. გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში ოფიციალურად მიიწვია; თეთრი სახლის პრესსპიკერ სარა სანდერსის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ ჰელსინკის სამიტის შემდეგ კიდევ ერთი სამიტის გამართვა აუცილებელია და მზადაა, განიხილოს მისი მიწვევა მოსკოვში.
ტრამპი-პუტინის მოსკოვურ შეხევედრასა და იმაზე, რას ემსახურება ორი ქვეყნის ლიდერების ინტენსიური შეხვედრები, "რეზონანსი" პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს გაესაუბრა. ისინი მიიჩნევენ, რომ ჰელსინკის შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, დაიწყოს მოლაპარაკებათა შემდგომი რაუნდები, რომლებზეც ორივე მხარეს უფრო მკაფიოდ ექნება ჩამოყალიბებული პოზიციები და საერთოდ, არსებობს თუ არა კომპრომისები იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებში შედის.
საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, სავარაუდოდ, ჰელსინკის შეხვედრაზე მათ შეძლეს გარკვეული საკითხების განხილვა, რომლებიც მოითხოვს შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაზე საუბარს.
"კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუ რატომ დაიგეგმა მოსკოვის შეხვედრა, შეიძლება, მრავალი ვერსია არსებობს, მაგრამ რეალობაა, რომ ჰელსინკის შეხვედრის შემდეგ დიალოგი გრძელდება. მათი განცხადებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ იყო იმ საკითხების განხილვა, რომლებიც ეხებოდა სირიასა და უკრაინას და, სავარაუდოდ, ამ საკითხებზე შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაზე იყოს საუბარი, თუ ის მართლაც შედგება.
"მე მეჩვენება, რომ ორივე მხარე ცდილობს, თავისი ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. პუტინს სურს დაბრუნება საერთაშორისო თანამეგობრობის ლიდერთა კლუბში და ამის მიღწევას ცდილობს აშშ-ის პრეზიდენტთან ინტენსიური დიალოგის ფორმატში. ტრამპის სურვილია, მოძებნოს საკითხი, რომელიც დადებითად გადაწყდება აშშ-ის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა "რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.
ვახტანგ მაისაიას ეჭვი ეპარება, რომ ტრამპი მოსკოვში ჩავიდეს და ეს ვიზიტი მისთვის მომგებიანი იყოს.
"პუტინის ვიზიტი, რომელიც ვაშინგტონში შემოდგომაზე იყო ჩანიშნული, 2019 წლის თებარვალში გადაიდო. რაც შეეხება მოსკოვში ტრამპის ვიზიტს, ეჭვი მეპარება, რომ ტრამპისთვის მომგებიანი იყოს მოსკოვში ჩასვლა, თანაც იმ ფონზე, როცა შემოდგომაზე იმართება შუალედური არჩევნები, ეს კი არის გენერალური რეპეტიცია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების და ტრამპი აუცილებლად ეცდება, მეორედ იყაროს კენჭი.
"ისიც ფაქტია, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ უფრო გამკაცრდა, მაგალითად, ეკონომიკური სანქციები დაეკისრა პუტინის ახლო გარემოცვის წევრ დერიბასკას. სანქციების დაწესებას აპირებენ იმ სამშენებლო კომპანიებისთვისაც, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ყირიმის ხიდის მშენებლობაში. როგორც ჩანს, აშშ-სა და რუსეთს შორის სანქციების პოლიტიკა ახალ ეტაპზე გადადის.
"მიუხედავად იმისა, რომ თავად ტრამპს სურვილი აქვს პუტინთან ურთიერთობისა და ცდილობს, ლავირება მოახდინოს, შიდა პოლიტიკური ვითარება მას ამის საშუალებს არ აძლევს, თუმცა, ამ ფონზე, ტრამპმა მაინც შექმნა რუსეთ-ამერიკის ბიზნესსაბჭო და კიბერუსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი. რაც შეეხება ტრამპი-პუტინის შეხვედრების შემდგომ რაუნდებს, ეს შეიძლება მოხდეს საერთაშორისო ფორუმების ფორმატში, თუნდაც - გაერო-ს პლენარული სხდომის დროს სექტემბერში ან შემოდგომაზე - დიდი შვიდიანის შეხვედრაზე", - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.