კახაბერ ჯაყელის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან "მიზიდვის" პოლიტიკა განახორციელა და არა - "მიწოლის"
ია აბულაშვილი
21.07.2018

 "ტრამპი-პუტინის პირველი ოფიციალური შეხვედრა არ ყოფილა მხოლოდ ხელის ჩამოთრმევის დონეზე და პოლიტიკური მარკეტინგის კუთხით მოლაპარაკების ახალი ტაქტიკა ვიხილეთ", - ამბობს პოლიტმარკეტინგის სპეციალისტი კახაბერ ჯაყელი, ვისაც "რეზონანსი" ჰელსინკის სამიტის ახალ დეტალებზე გაესაუბრა.

"რეზონანსი": ტრამპი-პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით ექსპერტთა მხრიდან არაერთი პროგნოზი თუ ვერსია მოვისმინეთ, რომ ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის და მოლოდინი, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში არანიარი გარღვევა არ იქნებოდა, გამართლდა. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

კახაბერ ჯაყელი: ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები, რადგან აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის გამართული ეს პირველი ოფიციალური შეხვედრა არ ყოფილა მხოლოდ ხელის ჩამორთმევის დონეზე, პოლიტიკური მარკეტინგის კუთხით კი ახალი ტაქტიკა ვიხილეთ.

"რ": მაინც როგორ გამოიყურებოდნენ ჰელსინკიში გამართულ პოლიტიკურ სცენაზე ტრამპი და პუტინი და რომლის მხრიდან იყო ნაჩვენები პოლიტმარკეტინგის სასცენო ხელოვნება?

კ.ჯ: რა თქმა უნდა, ტრამპის. მან შესანიშნავად შეასრულა როლი, რომელიც მას შეხვედრის წინ ამერიკამ დაუკვეთა. კერძოდ იმ ბიზნესჯგუფებმა, რომელსაც ტრამპი წარმოადგენს და რომლებიც ძალიან დიდი დაინტრესებით გამოირჩევიან, ერთი მხრივ, აშშ-ის ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებით, ხოლო მეორე მხრივ ცდილობენ, თავიდან აიცილონ რუსეთის ჟანგიანი რაკეტები.

ეს ბიზნესჯგუფები დაახლოებით ასე აზროვნებენ, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ძლიერდება და არ გვინდა რუსეთთან დაპირისპირება, იგი უნდა ვაცდუნოთ ამერიკის თამაშით.

ტრამპი ჰელსინკიში ჩავიდა იმ აზრით, რომ პუტინისითვის მიეცა გარკვეული სივრცე მანევრირებისთვის. იგი რუსეთთან მიმართებაში ყველანაირ "დათმობაზე" წავიდა და განახორციელა ყველა შესაძლო კომპრომისი, რათა რუსეთი თანამშრომლობაზე გამოეწვია.

ტრამპმა პუტინთან "მიზიდვის" პოლიტიკა განახორციელა და არა - "მიწოლის", ესეც პოლიტმარკეტინგის ერთ-ერთი ხერხია, რომელიც ვერ გამოიყენა წინა ადმინისტრაციამ.

ტრამპი ამ დათმობით ცდილობს, მოადუნოს რუსეთის ყურაღდება სახვადასხვა პოლიტიკურ ფრონტზე, რადგან, როგორც ჩანს, ამერიკის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ტრამპს, გამხდარიყო პრეზიდენტი, არ არიან მზად რუსეთთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის და მიხვდნენ, რომ რუსეთთან დაძაბული ურთიერთობით არაფერი არ გამოდის. ისინი ცდილობენ, ამ ეტაპზე მაინც მოხდეს რუსეთთან "მეგობრული" სივრცის შექმნა.

"რ": მიაღწია ტრამპმა თავისთვის სასურველ შედეგს?

კ.ჯ: პუტინი მართლაც უცნაური ლიდერია, მარტოხელა კაცია და ისე ჩანს, რომ მასთან მიკარებაც კი ძნელია. ტრამპმა ეს ბარიერი გადალახა, შევიდა მის სივრცეში, ცდილობს, დაიმეგობროს, წაიყვანოს დათმობებზე, მერე კი ისევ შეუტიოს ყველა ფრონტზე.

მაგრამ, როგორ შეაფასებს რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის ამ მანევრს, ეს სხვა საქმეა, რადგან პუტინი გამოცდილი მებრძროლია, "ლუბიანკაზე" გაიზარდა, შემდეგ გერმანიის დაზვერვის არაჩვეულებრივი სკოლა გაიარა და კარგად იცის, როგორ თამაშობენ ადამიანები მის წინაშე.

"რ": ტრამპის ამ მარკეტინგულ ხერხს ვერ მიხვდნენ აშშ-ის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში, კრიტიკის ქარცეცხლში რომ გაატარეს თავისი განცხადებებით: ეს შეხვედრა ტრამპის აქტივში არ ჩაიწერება და მეორე ვადით მას საპრეზიდენტო არჩევნებში არანაირი გამარჯვების შანსი აღარ აქვსო...

კ.ჯ: ეს მომავლის საქმეა, გახდება თუ არა დონალდ ტრამპი მეორე ვადით აშშ-ის პრეზიენტი, თუმცა ის ბიზნესჯგუფები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, ალბათ, ძალიან კამაყოფილნი დარჩნენ მისი სასცენო ხელოვნებით.

რაც შეეხება მის აქტივს, ტრამპი 500 დღეა, რაც აშშ-ის პრეზიდენტია და ამ პერიოდში მან შეძლო, მოეხდინა ეკონომიკური სასწაული, ქვეყანაში ბიზნესმა არნახულ წარმატებას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ამერიკა ყველა ქვეყანას გადაასწრებს ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდის კუთხით. ე.ი. იგი დღეს უკვე 22-ე საუკუნის ეკონომიკას აშენებს.

რაც შეეხება ტრამპის საგარეო კურსს, ამ პერიოდში მან შეძლო ურთიერთობის დალაგება ჩრდილოეთ კორეასთან, რაც წინა ხელისულებამ ვერ შეძლო. ახლა რუსეთთან ცდილობს, დაალაგოს სიტუაცია. მან აიძულა ნატო-ს წევრი ქვეყნები, გაზარდონ ბიუჯეტი უსაფრთხოების კუთხით. ეს ჯერ მხოლოდ 500-დღიანი მოღვაწეობის აქტივია, რომელიც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა გამოადგეს.

"რ": ამ შეხვედრის პოლიტიკურ ნაწილზე რას იტყვით, მაინც რაზე შეთანხმდა ორი ქვეყნის ლიდერი?

კ.ჯ: დიდი ალბათობით - სირიაზე. რუსეთი და აშშ შეძლებენ სირიის კატასტროფის შეჩერებას და აშშ რუსეთთან ერთად მოახდენს მშვიდობიან კოორდინაციას სირიაში.

დანარჩენი საკითხები უკვე მომავალი შეხვედრების დროს გადაწყდება, რაც არც ისე შორსაა, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტი ვაშინგტონს შემოდგომაზე ეწვევა.

მიწვევა რუსეთის პრეზიდენტს უკვე გადასცა დონალდ ტრამპის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა. ჰელსინკის სამიტიდან ერთ კვირაში პროცესიის ასეთი პროგრესი იმაზე მიანიშნებს, რომ შეხვედრა შედგა თანმდევი შედეგებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×