კონელი კაკაჩიას განცხადებით, პუტინის "მორჯულება" ვერც ბუშმა მოახერხა, ვერც ობამამ და არ ჰგონია, ტრამპმა შეძლოს
ტატა შოშიაშვილი
21.07.2018

 ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოახერხებს რუსეთთან მორიგებასა და ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ვლადიმერ პუტინის "ყველაზე საშინელ მტრად იქცევა მათ შორის, ვინც კი ოდესმე ჰყოლია რუსეთის პრეზიდენტს". ამის შესახებ დონალდ ტრამპმა "სიენბისი"-სთან ინტერვიუში განაცხადა.

საერთაშორისო საკითხებში პოლიტიკური ექსპერტი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ეს გამოსვლა იყო ტრამპის პასუხი იმ კრიტიკასთან მიმართებით, რომელიც პრეზიდენტს თავს დაატყდა ჰელსინკიში რუსეთის ფედერაციის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ. ის ერთგვარად საკუთარი თავის დაცვასა და გამართლებას ცდილობს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ, ქვეყნის წინა ლიდერებთან შედარებით, მოსკოვთან მიმართებით ყველაზე ხისტ პოლიტიკას სწორედ ის ატარებს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი მოსაზრების დამამტკიცებელი არგუმენტებიც მოიყვანა - სამოცი რუსი დეპუტატის ამერიკიდან დეპორტაცია.

გარდა ამისა, ტრამპმა გაიხსენა იმ სანქციების შესახებ, რომლებიც დაუწესა იმ რუსულ კომპანიებსა და რუსეთის მოქალაქეებს, რომლების, ამერიკის შეერთებული შტატების აზრით, რუსეთთან არიან შეკრული.

"შეხედეთ ყველაფერ იმას, რაც მე გავაკეთე!" - განაცხადა დონალდ ტრამპმა, როდესაც ერთმანეთს ადარებდა საკუთარ "მიღწევებს" რუსეთთან მიმართებით და ყველაფერს, რაც თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში გააკეთა ამერიკის ყოფილმა ლიდერმა ბარაკ ობამამ.

კორნელი კაკაჩია თვლის, რომ ტრამპი ცდილობს საკუთარი ოპონენტების დარწმუნებას იმაში, რომ ის არ არის პუტინის მომხრე და ყველაფერს საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისთვის აკეთებს.

"ეს ინტერვიუ არის პასუხი იმ კრიტიკაზე, რომელიც ტრამპს თავს დაატყდა შეერთებულ შტატებში ჩასვლის შემდეგ. პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ცდილობს, თავი დაიცვას იმ ბრალდებებისგან, რომ ის ზედმეტად რბილი იყო პუტინსა და რუსეთთან მიმართებით.

"აქედან გამომდინარე, ტრამპი ცდილობს, თავი წარმოაჩინოს და საკუთარ ოპონენტებს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, სინამდვილეში, ის პუტინის მომხრე და თაყვანისმცემელი კი არ არის, არამედ, რეალურად, ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს ამ ყველაფერს", - აცხადებს პოლიტექსპერტი.

"რეზონანსთან" საუბრისას, კაკაჩიამ აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებით ტრამპის მიერ ე.წ. ხისტი პოლიტიკის გატარებას მეორე მხარეც აქვს, რომელიც ცხადყოფს, რომ ტრამპს მიზანად აქვს დასახული ვლადიმერ პუტინის "მორჯულება".

"კი ბატონო, ტრამპის მიერ ჩამოთვლილი სანქციები მართლა გატარდა, მაგრამ, ამავდროულად, არის მეორე მხარეც, რაზეც მას ძალიან საყვედურობენ - ტრამპს სჯერა, რომ მას განსაკუთრებული ურთიერთობა ექნება პუტინთან და ის მოახერხებს პუტინის მორჯულებას.

"უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვერც ჯორჯ ბუშმა მოახერხა, ვერც ბარაკ ობამამ და არა მგონია, ტრამპმა შეძლოს. ყოველ შემთხვევაში, მას ილუზია აქვს, რომ შეძლებს განსაკუთრებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, პუტინს ხელს ააღებინებს საკუთარ ზრახვებზე და გახდება უკეთესი, რაც არაერთმა ლიდერმა სცადა, მაგრამ საბოლოოდ არც ერთ მათგანს არ გამოუვიდა", - ამბობს კაკაჩია.

მისივე თქმით, ტრამპის აგრესიული გამოსვლა იყო ერთგარი მინიშნება პუტინისთვის იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება შეუძლია ტრამპს, თუ კონსენსუსი ვერ მიიღწევა ორ ქვეყანას შორის.

"ტრამპმა პუტინს დაანახვა, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, როგორი ხისტი იქნება მისი პოლიტიკა. ალბათ, ეს მაინც უნდა ჩავთავალოთ თავის გამართლებად, იმ კრიტიკიდან გამომდინარე, რაც მას თავს დაატყდა ამერიკელი საზოგადოებისა და მედიის მხრიდან", - განაცხადა ექსპერტმა.

კაკაჩია აცხადებს, რომ ტრამპის ამგვარი საქციელი შეიძლება ბევრი ფაქტორით იყოს გამოწვეული. შესაძლოა, ეს იყოს მისი პრაგმატული პოლიტიკის მიზანი თავისი ექსცენტრიკული პიროვნებიდან და გამოუცდელობიდან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯი.

"იმაზე, თუ რასთან გვაქვს საქმე, დავა დღესაც მიმდინარეობს. პრინციპში, შესაძლოა, რომ ორივე იყოს - პრაგმატიზმი, ექსცენტრიკულობა, გამოუცდელობა და ა.შ. ვერავინ ვერ ხსნის იმას, რასაც ეს კაცი აკეთებს. მას შეგვიძლია, დავარქვათ დუალისტი.

"შეიძლება, ეს იყოს გარკვეული ტაქტიკა, რომელსაც, არ ვიცი, როგორი შედეგი ექნება. ყველაფერს უახლოეს მომავალში დავინახავთ. რთულია ახლა რამის წინასწარმეტყველება, მაგრამ ფაქტია, რომ ტრამპი დიდად არ უსმენს თავის მრჩეველებს ამ საკითხთან მიმართებით და ხშირად იგნორირებას უკეთებს ამერიკის სპეცსამსახურებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის რჩევებს.

"აქედან გამომდინარე, ცოტა რთულია იმის პროგნოზირება, თუ რასთან გვაქვს საქმე", - თქვა კაკაჩიამ.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა ძალიან რბილ პოლიტიკას ატარებდა რუსეთთან. მისი თქმით, ობამა "იყო ძალიან სუსტი ადამიანი, რუსეთის მარიონეტი".

თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ "რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება კარგია და არა - ცუდი". მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არაფერი გამოვა, პუტინის ყველაზე საშინელ მტრად იქცევა მათ შორის, ვინც კი ოდესმე ჰყოლია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრმაპმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მორიგ შეხვედრას, ხოლო 20 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში დაპატიჟა. მათი შეხვედრა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×