ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰელსინკიში ჩატარებული სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნათქვამი სიტყვები "უკან წაიღო".
პრეზიდენტების მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ისაუბრა ამერიკაში ჩატარებული არჩევნების შესახებ და განმარტა, რომ, მისი აზრით, რუსეთი არანაირად არ ჩარეულა ამერიკაში ჩატარებული არჩევნების მსვლელობაში და ამ შემთხვევაში დამნაშავე ორივე მხარე იყო (როგორც რუსეთი, ასევე ამერიკა).
დონალდ ტრამპის სიტყვებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია და მწვავე კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა საკუთარი სიტყვები განმარტა და აღნიშნა, რომ საუბრისას შეცდომა მოუვიდა.
კერძოდ, ტრამპს უნდოდა ეთქვა, რომ "ვერ ხედავს იმის მიზეზს, თუ რატომ არ შეიძლებოდა, ეს ყოფილიყო რუსეთი". თეთრ სახლში "ფოქსნიუსთან" ინტერვიუს დროს ტრამპმა ისაუბრა იმაზე, რომ მას სჯერა საკუთარი ქვეყნის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსი და მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნებისა.
"მე ვიღებ სადაზვერვო საზოგადოების დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა არჩევნებში ჩარევას, შესაძლოა, რომ ყოფილიყვნენ სხვა ადამიანებიც. აქ არ იყო არანაირი შეთქმულება. მოდით, შევხედოთ ფაქტებს რეალურად - რუსეთის ჩარევას არანარი ზეგავლენა არ მოუხდენია არჩევნებზე", - განაცხადა ტრამპმა ინტერვიუში.
ამერიკის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მიიღებს ყველანაირ ზომას, რათა უზრუნველყოს შუალედური არჩევნების უსაფრთხოება, რომლიც 2018 წლის ნოემბერში ჩატარდება.
საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის კავშირის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვმა დონალდ ტრამპის სიტყვები შეაფასა, როგორც ერთგვარი "მანევრირება".
"ტრამპი რთულ სიტუაციაშია. იმ შემთხვევაში, თუ იტყოდა, რომ მას არ სჯერა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსი და მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნებისა, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი სკანდალი ატყდებოდა? გარწმუნებთ, რომ კონგრესი მონახავდა მიზეზს საიმისოდ, რომ იმპიჩმენტის მზადება დაეწყო.
"ე.ი. თუ პრეზიდენტს არ სჯერა თავისი სპეცსამსახურების, მაშინ ის უჯერებს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს და მუშაობს რუსეთზე. მგონია, რომ ტრამპი სიტუაციიდან "ლამაზად" გამოსვლას ცდილობს.
"არ მგონია, რომ ტრამპმა უარი თქვა იმაზე, რასაც ეუბნებოდა პუტინს პირისპირ შეხვედრის დროს, მაგრამ ახლა იძულებულია, მოახდინოს მანევრირება, რათა მოაგვაროს ის სიტუაცია, რომელიც შექმნილია ჰელსინკიში გამართული სამიტის შემდეგ", - აცხადებს ჯაბაროვი "იზვესტიასთან" საუბრისას.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ ოპოზიციურ პარტიებს, ისინი აღნიშნავენ, რომ ტრამპი ვერ არჩევს "შეთქმულებასა" და "ჩარევას".
მათი თქმით, ტრამპის "თითქოსდა აღიარება" იმისა, რომ რუსეთი ჩაერია ამერიკაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, მისთვის იქნება ფაქტობრივი აღიარება - აღიარება იმისა, რომ თვითონ მონაწილეობდა ამ "შეთქმულებაში".