ამერიკელი სენატორები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰელსინკიში გამოსვლისათვის თავს დაესხნენ
ტატა შოშიაშვილი
18.07.2018

 რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 16 ივლისს ჰელსინკიში ჩატარებულმა სამიტმა დიდი რეზონანსი და ვნებათაღელვა გამოიწვია აშშ-ის სენატორებს შორის.

ამერიკელი მაღალჩინოსნები ნეგატიურ შეფასებებს აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ დონალდ ტრამპმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დასკვნები აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით არ გაიზიარა და პუტინს მიემხრო.

ჰელსინკიში სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიება, რომელსაც სპეცპროკურორი რობერტ მიულერი ხელმძღვანელობდა, "არის კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის".

ამავდროულად, ტრამპმა დაამატა, რომ პუტინი "კატეგორიულად და დაჟინებით უარყოფდა არჩევნებში ჩარევას".

ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი, შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი ლინდსი გრემი, ვინც ძირითადად იზიარებდა ტრამპის პოზიციებს, აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ამერიკის შეერთებული შტატების "სისუსტის" დემონსტრირება იყო.

"პრეზიდენტმა ტრამპმა ხელიდან გაუშვა შანსი, რომ რუსეთისთვის გადაჭრით დაეკისრებინა პასუხისმგებლობა 2016 წელს ამერიკაში ჩატარებულ არჩევნებში ჩარევისთვის და გამოსულიყო მკაცრი გაფრთხილებით მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. ტრამპის ამგვარი პასუხი რუსეთის მიერ განიხილება, როგორც სისუსტის ნიშანი და შექმნის მეტ პრობლემას, ვიდრე მოაგვარებს", - წერს ლინდსი გრემი "ტვიტერის" თავის ოფიციალურ გვერდზე.

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა "ტვიტერში" დაწერა: "დღევანდელი პრესკონფერენცია ჰელსკინკიში იყო ერთ-ერთი ყველაზე სასირცხვილო გამოსვლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ისტორიაში. ტრამპის მიამიტობით, თავმოყვარეობით, ეკვივალენტობის ცრუ აღქმითა და ავტორიტარი ლიდერების მიმართ სიმპათიით გამოწვეული ზიანი რთული შესაფასებელია".

წარმომადგენლობითი პალატის ერთ-ერთმა წამყვანმა რესპუბლიკელმა პოლ რაიანმა თქვა: "ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ჩაერია ჩვენს არჩევნებში და აგრძელებს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობებს აქ და მთელ მსოფლიოში. არ არსებობს არანაირი მორალური ეკვივალენტობა რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც უწინდებურად მტრულად არის განწყობილი ჩვენი ძირითადი იდეალებისა და ფასეულობების მიმართ", - ამბობს რაიანი.

არიზონის შტატის სენატორი ჯეფ ფლეიკი, ვინც რეგულარულად აკრიტიკებდა დონალდ ტრამპს, აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იყო სასირცხვილო: "ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დღე, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი დადგებოდა სცენაზე რუსეთის პრეზიდენტთან ერთად და აშშ-ს დაადებდა ბრალს რუსული აგრესიისთვის. ეს სამარცხვინოა", - თქვა ფლეიკმა.

ილინოისის შტატის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ ტრამპის განცხადება იყო შეუცხმყოფელი ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის.

"ამერიკელი ხალხი იმსახურებს სიმართლის ცოდნას და ჩვენი დაზვერვის ლეგიტიმურობის იგნორირება - არის უპატივცემულობის გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მსახურობენ ამ ქვეყანაში. დროა, სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში. პუტინი არ არის ჩვენი მეგობარი, ის არის ჩვენი თავისუფლების მტერი", - ამბობს კინზინგერი.

ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა არ შეაფასა ტრამპის განცხადების გარშემო ატეხილი სკანდალი, მაგრამ აღნიშნა, რომ აზრთა სხვადასხვაობა რუსეთსა და ამერიკას შორის დეტალურად იქნა განხილული და მთელმა მსოფლიომ და ამერიკელმა ხალხმა დაინახა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებს ამერიკის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას.

ჯეიმს კლეპერმა, ვინც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში იკავებდა ნაციონალური დაზვერვის დირექტორის პოსტს, "სი-ენ-ენ"-თან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოაცხადა და გამბედაობა დაკარგა პუტინის წინაშე. მისი თქმით, ეს იყო შთამბეჭდავი და ძალიან არასასიამოვნო. ნაციონალური დაზვერვის მოქმედმა დირექტორმა დენ კოუტსმა თავის განცხადებაში დაწერა:

"ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო შეფასება რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით 2016 წელს ჩატარებულ არჩევნებში და რუსეთის მიმდინარე მცდელობებთან დაკავშირებით, რომელიც ყველანაირად ცდილობს ჩვენი დემოკრატიის შერყევას", - აცხადებს კოუტსი.

ძალიან მწვავედ აფასებენ ტრამპის გამოსვლას პრესკონფერენციაზე ამერიკელი დემოკრატებიც. სენატში დემოკრატიული უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა თქვა, რომ პრეზიდენტმა თავისი ინტერესები შეერთებული შტატების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე მაღლა დააყენა.

"მან "კგბ"-ს წარმომადგენლის სიტყვები უფრო მეტად დაიჯერა, ვიდრე - ცენტრალური სადაზვერვო კომიტეტის თანამშრომლებისა".

ვირჯინიის შტატის სენატორმა და სადაზვერვო კომიტეტის წევრმა მარკ უორნერმა, ვინც დაეთანხმა სადაზვერვო საზოგადოების მიერ გამოტანილ დასკვნას იმის შესახებ, რომ რუსეთი ამერიკის არჩევნებში 2016 წელს მართლა ჩაერია, განაცხადა:

"ნამდვილი სირცხვილია, რომ პრეზიდენტმა არა საკუთარი დაზვერვის სამსახურის, არამედ პუტინის მხარე დაიჭირა. მან ამერიკის შეერთებულ შტატებს ბრალი დასდო, რომ რუსეთი თავს დაესხა ამერიკულ დემოკრატიას", - თქვა უორნერმა.

სენატორმა ელიზაბეტ უორენმა, ვინც შეიძლება, საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის მთავარი მოწინააღმდეგე იყოს, განაცხადა, რომ პრეზიდენტი საერთაშორისო დონეზე არცხვენს ამერიკას, ასუსტებს მის ალიანსებსა და ძირს უთხრის ამერიკულ ინსტიტუციებს.

"რუსეთი ჩაერია ჩვენს არჩევნებში და შეუტია ჩვენს დემოკრატიას. პუტინს ბრალი უნდა წაუყენონ ამისთვის და არა დააჯილდოონ. სირცხვილი!" - დაამატა მან.

ფლორიდის შტატის დემოკრატი სენატორი ბილ ნელსონი აღნიშნავს, რომ არსებობს ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მორიგი საფრთხე. ნელსონი აღნიშნავს, რომ ტრამპის საქციელი, მისი სიტყვები უაღრესად სამარცხვინოა.

კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი, მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა ჰელსინკიში გამართული სამიტის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციას. შვარცნეგერის აზრით, დონალდ ტრამპმა უღალატა ამერიკის დაზვერვას, მართლსაჯულების სისტემასა და ქვეყანას მთლიანობაში.

"პრესკონფერენციაზე როგორც დოყლაპია, ისე იდექით. ჩემს თავს ვეკითხებოდი, როდის გამოართმევდით პუტინს ავტოგრაფს ან მასთან სელფის გადაიღებდით. თქვენ აშშ-ის პრეზიდენტი ბრძანდებით. ასე არ უნდა მოიქცეთ. რა დაგემართათ? რა დაემართა რონალდ რეიგანის იმ სიტყვებსა და ძალას, როდესაც ის ბერლინის კედელთან იდგა და გორბაჩოვს უთხრა: "ჩამოშალეთ ეს კედელი!" - ნათქვამია არნოლდ შვარცნეგერის ვიდეომიმართვაში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×