რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი იღებს საჭირო ზომებს ნატოსგან წამოსული საფრთხის საპასუხოდ.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია და ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე მიიჩნევენ, რომ აქ საუბარია ისეთ სისტემებზე, რომლებსაც შეეძლებათ სათანადო წინააღმდეგობა გაუწიონ მოწინააღმდეგეებს.
კერძოდ, პესკოვმა აღინიშნა, რომ რუსეთში გამოიგონეს შეიარაღების ახალი სისტემა, რომელმაც უნდა "ჩააბეტონოს" ბირთვული პარიტეტი.
ვახტანგ მაისაიას თქმით, შესაძლებელია, რომ საუბარი იყო ე.წ. კინეტიკური ტიპის იარაღზე, კერძოდ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაუმჯობესებაზე, რომელიც მაგალითად, შეძლებს მოწინააღმდეგის რაკეტების დაჭერას.
"ძირითადად, ალბათ იგულისხმება კინეტიკური ტიპის იარაღი, ლაზერულიც არის, ბუნებრივია. რეალურად აქ საუბარია ისეთ გადამჭრელ სისტემაზე, რომელსაც შეეძლება დაასამაროს მოწინააღმდეგის მიერ გამოშვებული რაკეტების დარტყმის ეფექტი და ამით დააკარგვინოს მოწინააღმდეგეს წამიერი უპირატესობა", - განაცხადა მაისაიამ.
ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ საუბარია იმ იარაღზე, რომლის დემონსტრირებაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოახდინა რუსეთის სახელმწიფო დუმასთვის მიმართვისას.
"იგულისხმება, რა თმა უნდა, ბირთვული შეიარაღება. პესკოვმა ისაუბრა იმ შეიარაღებასა და ტექნიკაზე, რომლის დემონსტრირება გაზაფხულზე მოახდინა ვლადიმერ პუტინმა, მაშინ, როდესაც ის მიმართავდა დუმას.
"ამ ყველაფერს მოჰყვა საექსპერტო საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები, იმასთან დაკავშირებით, რომ დემონსტრირებული შეიარაღებისა და ტექნიკის შესაძლებლობები არის გადაჭარბებული."
მაისაიამ აღნიშნა, რომ გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე ვარიანტი შიძლება იყოს იმის, თუ რა ტიპის შეიარაღებაზე საუბრობდა დიმიტრი პესკოვი: მე-5 ან მე-6 თაობის სტრატეგიული ბომბდამშენები, წყალქვეშა ნავების სისტემა, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელი იქნება ან კიბერშეტევის ახალი სისტემა.
"მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს მე-5 ან მე-6 თაობის სტრატეგიული ბომბდამშენები ან, დავუშვათ, იგივე წყალქვეშა ნავები, რომლებზეც შესაძლებელია დაყენდეს სისტემები, რომელთა მეშვეობით შეუძლებელი იქნება მათი იდენტიფიცირება. სწორედ ამან შესაძლოა მისცეს ამ წყალქვეშა ნავებს წყალქვეშა სივრცეში, ფაქტობრივად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გადაადგილების შესაძლებლობა.
"თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა გამოგონილია კიბერშეტევის ახალი ტიპი, რომელსაც შეეძლება, რომ მოახდინოს მოწინააღმდეგის სტრატეგიული შეიარაღების მართვის ელემენტების გათიშვა", - ამბობს მაისაია.
სალუქვაძემ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში შეიარაღების გამოყენებაზე არ იყო საუბარი და პესკოვი გულისხმობდა იმ პარიტეტს, რომელიც გაფორმებულია ორ ქვეყანას შორის და გულისხმობს საომარი ვითარების შექმნის შემთხვევაში ქვეყნების ურთიერთგანადგურებას.
"აქ ამ შეიარაღების გამოყენებაზე არ არის საუბარი. მან თქვა, რომ არის პარიტეტი, რაც გულისხმობს საომარი ვითარების შემთხვევაში გარდაუვალ ურთიერთგანადგურებას.
"რომელმა მხარემაც არ უნდა დაიწყოს ომი, საპასუხო დარტყმა იქნება ისეთი, რომ მხარეები ერთმანეთს გაანადგურებენ. ეს უზრუნველყოფს პარიტეტს და ის ტექნიკა, რომელიც ორივე მხარეს გააჩნია, პარიტეტისთვის არის სრულიად საკმარისი", - თქვა ამირან სალუქვაძემ.