"დიპლომატია და ურთიერთქმედება უკეთესია, ვიდრე კონფლიქტი და დაპირისპირება, ხოლო მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი მსოფლიოს ინტერესებს პასუხობს.
"ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის არასდროს ყოფილა ამაზე უარესი, თუმცა სიტუაცია სამიტის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა", - ასეთი განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰელსინკიში თავის კოლეგასთან შეხვედრის დროს.
რამდენად უპასუხა ტრამპი-პუტინის შეხვედრამ მსოფლიოს ინტერესებს, ამის შესახებ "რეზონანსი" პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას გაესაუბრა.
"რეზონანსი": დიპლომატიურ ენაზე როგორ იკითხება ტრამპი-პუტინის შეხვედრა და სამიტის შემდეგ მართლაც შეიცვლება თუ არა მკვეთრად სიტუაცია ორ ქვეყანას შორის?
კორნელი კაკაჩია: ამ შეხვედრას შეიძლება დავარქვათ ძალების მოსინჯვის, ერთმანეთის დაზვერვის შეხვედრა, რომელზეც უნდა გარკვეულიყო ორივე მხარის პოზიციები. ეს მომდევნო მნიშვნელოვან შეხვედრებზე იქნება გადამწყვეტი. ეს იყო წინა სამზადისი მომავალი შეხვედრების სერიებისა.
"რ": რაიმე ხელშესახები შედეგით თუ დამთავრდა ეს შეხვედრა, რადგან შეხვედრის წინ იყო სკეპტიციზმი, რომ შედეგის მიღწევა მარტივი არ იქნებოდა, რადგან მაგიდის მეორე მხარეს იყო ვლადიმირ პუტინი და იგი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად ყველა ხერხს გამოიყენებდა...
კ.კ: პიარტექნოლოგიის კუთხით თუ შევხედავთ ამ შეხვედრას, პუტინი ეცადა, მისთვის ჩვეული ყველა ხერხი გამოეყენებინა. ჯერ იყო და დააგვიანა შეხვედრაზე, რაც აღიქვა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ უპატივცემულობა.
პუტინის აქვს ეს ჩვევა, რომ დაიგვიანოს შეხვედრებზე. ამით იგი მის უპირატესობას უსვამს ხაზს. ამ შეხვედრის დროსაც ასე მოიქცა, ანუ მან ხაზი გაუსვა, რომ მისთვის ტრამპთან შეხვედრა არც ისეთი დიდი მნიშვნელობის მოვლენაა, რომ რუსეთი აშშ-ის თანაბარია და რუსეთისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არაფერს ნიშნავს, რომ რუსეთი და აშშ თანასწორნი არიან სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს იყო მისი ტონი, რომელიც მთელ ამ შეხვედრას თან სდევდა.
პიარტექნოლოგიის ხერხი იყო ისიც, რომ შეხვედრა ვიწრო წრეში გაიმართა. სხვათა შორის, რუსები ყველა შეხვედრის დროს ითხოვენ, რომ არ იყოს ხალხმრავლობა, ასეთი ტაქტიკა აქვთ, თავისუფლად გრძნობენ თავს, როცა პრეზიდენტებს თან არ ახლავთ მრჩევლები და აქვთ შანსი, პირისპირ შეხვედრის დროს ზეგავლენა მოახიდნონ, მით უმეტეს თუ მოწინააღმდეგე გამოუცდელია. ეს ხერხიც გამიყენა პუტინმა.
"რ": ტრამპი-პუტინის შეხვედრას უმწვავესი კრიტიკა მოჰყვა აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში, მათ ამ შეხვედრას სამარცხვინოც კი უწოდეს...
კ.კ: ამ შეხვედრაზე პუტინი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ვიდრე ტრამპი და ისეთი პოზიცია დაიკავა, პირველი ნაბიჯები სიტუაციის დასარეგულირებლად ამერიკამ გადმოდგასო. ტრამპისთვის ეს შეხვედრა მომგებიანი არ იყო. დიახ, პრესაშიც გაჟღერდა, რომ სამარცხვინო იყო.
ტრამპმა ვერ აიღო ის ქულები, რომლებიც მას სამომავალოდ გამოადგებოდა და უფრო გაიუარესა საქმე; ეს შეხვედრა მას აქტივში არ ჩაეთვლება.
"რ": თქვენი აზრით, პირისპირ შეხვედრის დროს ორი ქვეყნის ლიდერის ინტერესებში რომელი საკითხის განხილვა იქნებოდა პრიორიტეტული? შეხვედრის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა თავად განაცხადა, რომ ბევრ საკითხზე იქნებოდა მსჯელობა.
კ.კ: მნიშვნელოვანი საკითხი მაინც იქნებოდა სირია და სირიაში სიტუაციის დარეგულირება, რადგან ორივე მხარეს სირიის მიმართ აქვს პრაგმატული მიდგომა, მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მოხდეს გარკვეული თანამშრომლობა.
რაც შეეხება უკრაინას, მათი ინტერესები უკრაინასთან მიმართებაში ძალიან განსხვავებულია და ალბათ, ამ შეხვედრაზე არც ღირდა ამ თემაზე საუბარი, საერთოდ, ასეთი საკითხები ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მზადდება და მერე ხდება პრეზიდენტების განხილვის საგანი.
რაც შეეხება საქართველოს, ყველა სამიტზე საქართველოს საკითხი არ განიხილება. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე ნატო-სა და ევროპისაკენ მიმავალ გაზაზე, ჩვენს საგარეო პოლიტიკაში არ უნდა იყოს ზიგზაგები და უნდა გავატაროთ ის კურსი, რომელიც აღებული გვაქვს. დარწმუნებული ვარ, როგორც კი გამოჩნდება პოლიტიკური ფანჯარა, შედეგს მივიღებთ.
"რ": თუმცა, პუტინის განცხადებიდან ჩანს, რომ საქართველოსა და უკრაინაზე საუბარი იყო, რადგან მან განაცხადა, რომ რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას და რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურის გადაადგილება რუსეთის საზღვრებთან მისი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა.
კ.კ: ეს იყო პროპაგანდისტული განცხადება და თავად პუტინმაც კარგად იცის, რომ მის მეზობელ სახელმწიფოებთან ნატო-ს ინფრასტრუქტურის განლაგება რუსეთს არანაირ საფრთხეს არ უქმნის. უბრალოდ, ეს იყო მისი მხრიდან პროპაგანდისტული ხერხი, დააშინოს პოლიტიკური წრეები, რომ აღარ განიხილონ ნატო-ში პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების გაერთიანების საკითხი.
ეს განცხადება იყო შიდა მოხმარებისთვის; ასევე გააჩინოს სკეფსისი საგარეო კუთხით პოსტსაბჭოთა სივრცეში; ასევე გზავნილი იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ უკრიანისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს, ანუ მერყევი ქვეყნების მისამართით.
ამიტომ, პუტინის ეს განცხადება არ უნდა აღვიქვათ საფრთხედ, საქართველომ თავისი გზა უნდა განაგრძოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე და გაატაროს ის რეფორმები, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანებას უფრო დააჩქარებს.