მოსახლეობის შემოსავლები წლიდან წლამდე უცვლელია. ამას ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ადასტურებენ. ქვეყანა და მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბიდან ვერ ამოდის, ამ დროს კი პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასი იზრდება. რაც დრო გადის, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სულ უფრო ცოტა საკვები რჩება ხელმისაწვდომი. მაშინ, როდესაც დღის რაციონში ჯანსაღი კვებისთვის 200 გრამი ხორცი აუცილებელია, ისინი მხოლოდ 70-80 გრამის მიღებას ახერხებენ.
სწორედ მოსახლეობის დაბალ მყიდველუნარიანობაზე საუბრობს "ბიზნეს-რეზონანსთან" აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი. მისი თქმით, მოქალაქეების შემოსავლები არ მცირდება, მაგრამ პროდუქტის ღირებულება იმდენად სწრაფად მატულობს, მათი შემოსავალი ვერ სწვდება ხარჯებს. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არ არის პირდაპირ კავშირში ადამიანების კეთილდღეობასთან.
"მოსახლეობის შემოსავლები შემცირებული არ არის, გარკვეულ ნაწილში გაზრდილია კიდეც, მაგრამ ცხოვრების დონე მაინც საკმაოდ დაბალია. გაძვირებულია პროდუქტი, ინფლაციამ და ლარის გაუფასურებამაც თავისი კვალი დაამჩნია ყოველდღიურობას და ძალიან ცუდად იმუშავა. ამ ფაქტორებმა ხალხის მსყიდველუნარიანობა ძალიან შეამცირა.
კარგად ვიცი და მაქვს გარკვეული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად, უბრალოდ, ჩვენს რჩევებს ხელისუფლება არ ითვალისწინებს. მათ ისეთი პოზა უჭირავთ, თითქოს ყვეალფერი იციან და ვინმეზე რამის შეკითხვა და საერთო შეხედულების შეჯერება სირცხვილად მიაჩნიათ.
იმას, რაც ახალმა ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, გავიძახით წლებია, რომ ეკონომიკური ზრდა არ მუშაობს პირდაპირპროპორციულად და არ არის პირდაპირ კავშირში ადამიანების კეთილდღეობასთან. აქედან ერთადერთი გამოსავალია, წარმოების განვითარება ქვეყანაში, ანუ ინდუსტრიული წინსვლა, რასაც მოჰყვება მოსახლეობის დასაქმება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კოღუაშვილმა.
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ჩხეიძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობა არ გაღარიბებულა, რასაც მის მიერ მოყვანილი რამდენიმე ფაქტიც ადასტურებს, თუმცა წლების განმავლობაში სხვადასხვა საფინანსო სექტორში დაგროვილი ვალის გამო, მოსახლეობა ფინანსურად ძალიან ჩავარდა, შესაბამისად, კეთილდღეობის ნიშანწყალი არავის ეტყობა.
ასეთი ვითარება გაგრძელდება იქამდე, სანამ ისინი ამ ვალდებულებას თავად არ დაფარავენ. მანამდე კი სიდუხჭირეში ცხოვრება მოუწევთ, რადგან სურსათისა და კვების რაციონის გასაუმჯობესებლად თანხებს ვერ ხარჯავენ. ჩხეიძის თქმით, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დღეში 200 გრამი ხორცის ნაცვლად, რაც ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს, მხოლოდ 70 გრამს იღებენ.
"არ ვემხრობი მოსაზრებას, თითქოს, ქართველი მოსახლეობა გაღარიბდა. ბოლო პერიოდში 500 000 ადამიანი ამოვიდა უღატაკესი ფენიდან (1,3 მლნ იყო ღატაკი). ასე რომ, ხალხი კი არ გაღარიბდა, ისევ ისეთი ღარიბია, როგორიც იყო. ასე თუ ისე, კეთდება ქვეყანაში რაღაც, რაც მომავალში მოსახლეობას დაეხმარება, მაგრამ იმდენად ჩავარდნილი იყო ყველაფერი, რომ ჯერ არ ეტყობა ქვეყანას.
მოსახლეობა არის დიდ ვალებში, საუბარია ბანკებისა და მევახშეების ვალდებულებებზე. ამის გამო მათი ფინანსური მდგომარეობა უკან-უკან წავიდა. ეს გრძელდება წლების განმავლობაში, თუნდაც იქედან მოყოლებული, როდესაც ძვირი სამედიცინო მომსახურება იყო. ოჯახის წევრს ხომ ვერ მოკლავდა ადამიანი და იღებდა ვალს. იყო სხვადასხვა ფაქტორი, რომლებმაც დააგროვა გადასახდელი თანხა. ამ ვალების გადახდა მოსახლეობამ ახლა დაიწყო და სანამ არ დაფარავს, მანამ არ დაეტყობა მათ ფინანსური კეთილდღეობა.
იმ შეღავეთების მიუხედავად, რაც ბოლო წლებში ტარდება, მოსახლეობას კვებითი რაციონი არ გაუუმჯობესებია. როდესაც ხორცის მიღების ნორმა 200 გრამია, ხალხის 70-80 გრამის მიღებას ახერხებს მხოლოდ. ვალებისა და უსახსრობის გამო ადამიანი ფულს საკვებშიც კი ვერ იმეტებს. ვინც ვერ მოახერხა ამ ვალების დაფარვა, 110 000 ოჯახი წინა ხელისუფლების დროს დარჩა უსახლკაროდ. ფინანსური პრობლემიდან თავის დასაღწევად ყველაფერი შეაქვთ ბანკში.
ადამიანების ძირითადი საკვები პურია, რომელიც რაციონში 12%-მდე უნდა იყოს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კი მას გადაჭარბებული რაოდენობით (60-70%) მოიხმარს, რაც ძალიან ცუდია. თუმცა, დანაყრების მიზნით სხვა გამოსავალი არ აქვთ, პური 10-ჯერ იაფია, ვიდრე ხორცი", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჩხეიძემ.
ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი პაატა აროშიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტზე მუდმივად მაღალი ფასი ნარჩუნდება. მის შეძენას ხალხი ვეღარ აუდის.
"მოსახლეობის შემოსავლები, რომლებიც აქვს უმეტეს ნაწილს, წლიდან წლამდე მიზერულად იზრდება, ძირითად პროდუქტზე კი ფასი მუდმივად მატულობს. ვერაფრით ხერხდება, რომ ოჯახის შემოსავალი დაეწიოს ფასების ზრდას, რაც სოციალურ ფონს აუარესებს.
საქართველო არის არა მწარმოებელი, არამედ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, მსოფლიო სასურსათო ბაზარზე ფასების ზრდა გლობალური პროცესია, რასაც ვერ აჩერებენ. გამოსავალია, რომ ჩვენ მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ ადგილობრივ წარმოებას, მეურნეობის განვითარებას, რაც იმპორტს შეამცირებს და მოსახლეობის შემოსავლებიც მეტად მსყიდველუნარიანი იქნება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" აროშიძემ.