(რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმეზე შემნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ავტომობილის მძღოლ ნიკოლოზ იორდანაშვილს კითხავს, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო. მისი თქმით, დანა და დაჭრის მომენტი არ დაუნახავს და საკუთარი სიტყვებისთვის შეუძლია დაიფიცოს კიდეც.
იორდანაშვილის თქმით, მოზარდების სიმრავლიდან გამომდინარე, მათ გაშველებას ვერ შესძლებდა და ამიტომაც არ ჩაერია ჩხუბში. აქვე მოწმემ თქვა, რომ „ადრე, ჩემს ბიჭობაშიც ჩხუბობდნენ, გაშველება მინდოდა და რომ იტყვიან კარგად მივიღე ცხვირ-პირში. მას მერე ვცდილობ არაფერში არ ჩავერიო. დღემდე მიტკაცუნებს ყბა. ალბათ 90-იან წლებში იყო. არ დამიმალია, უბრალოდ მეგონა, ახსნას მთხოვდით", - განაცხადა მოწმემ.
„მანქანით როდესაც შევედი ეზოში ბავშვები დავინახე, რას აკეთებდნენ არ მახსოვს, მაგრამ წყნარად იყვნენ. შემდეგ ეზოში კიდევ სხვა ბავშვები შემოვიდნენ. მე ეზოში ველოდებოდი, რომ ვიღაც უნდა ჩამოსულიყო ჩემთან. ტელეფონი მეჭირა. ამის შემდეგ ჩოჩქოლი გავიგონე და უცებ ჩხუბი დაიწყო, რამდენიმე ადგილზე ჩხუბობდნენ. ორი ბავშვი ჩხუბობდა ჩემი მანქანის მარჯვენა წინა კართან. ჩხუბი ხდებოდა თუ არა ფარდულთან არ მახსოვს. არ გამიხედავს თუ მეფარებოდა ვინმე ვერ ვიხსენებ. ჩვეულებრივი ჩხუბი იყო. ჯოხი არ დამინახავს. მარჯვნივ და მარცხნივ ერთი ერთზე ჩხუბობდნენ. წინ უფრო მეტნი იყვნენ, წინ წაქცეული არავინ მინახავს,
არ მახსოვს მოჩხუბარი ბიჭების აღწერილობა. ამ დროს ფანჯარა ჩემ მხარეს ოდნავ ჩაწეული მქონდა. მხედველობის პრობლემა მაქვს - ასტიგმატიზმი. ემოციურად ვიყავი ცოტა, ადამიანი ვარ მაინც და გინდა, რომ რამე გააკეთო. არაფერი არ მინახავს ისეთი", - განაცხადა ნიკოლოზ იორდანაშვილმა.