(რეზონანსი) ტელეკომპანია CNN-ის დაცვის თანამშრომლებმა ტრამპის მრჩეველს, სტივენ მილერს სტუდია იძულებით დაატოვებინეს.
როგორც გამოცემა Business Insider-ი იტყობინება, ინციდენტი ჯეიკ ტაპერის გადაცემის მსვლელობისას მოხდა. ჟურნალისტმა მილერს კითხვა მაიკლ ვულფის სკანდალურ წიგნზე დაუსვა, რომელშიც დონალდ ტრამპი მწვავედ არის გაკრიტიკებული.
პრეზიდენტის მრჩეველმა ამ საკითხზე ლაპარაკი არ ისურვა. მან ტელეარხის კრიტიკა და პრეზიდენტის ქება დაიწყო. ტაპერმა გადაცემა შეწყვიტა, მილერი კი სტუდიიდან დაცვის დახმარებით გაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არც CNN-ის ხელმძღვანელობას და არც თეთრ სახლს გაუკეთებია.
დონალდ ტრამპი ინციდენტს Twitter-ით გამოეხმაურა.
"სტივენ მილერმა ჯეიკ ტაპერი CNN-ის ეთერში,ინტერვიუს დროს გაანადგურა", - განაცხადა ტრამპმა.
სკანდალური წიგნი „ცეცხლი და მრისხანება: ტრამპის თეთრ სახლში", 5 იანვარს გამოვიდა. პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ცილისწამებისთვის სასამართლოში იჩივლებენ.