(რეზონანსი) რუსთავში, გუშინ გვიან ღამით მეგობრობის ქუჩის N3-ში, გაჩენილმა ხანძარმა სამი ადამიანი იმსხერპლა.
ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა, შედეგად, ბინაში მყოფი შუახნის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ამასთან, მეოთხე სართულზე მცხოვრები ახალგაზრდა ქალი და მეხუთე სართულზე მცხოვრები შუახნის მამაკაცი გადრაიცვალნენ.
წინასწარი ინფორმაციით, მე-4 და მე-5 სართულებზე მცხოვრები კაცისა და ქალის გარდაცვალების მიზეზი, პირველი სართულის სავენტილაციო მილიდან ზედა სართულებზე ასული კვამლი გახდა.
მომხდარზე შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 25-ზე მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა, მათ შორის არასრუწლოვნების.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112"-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე, 5-სართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ცეცხლის ქრობის პარალელურად, ჯამში, 25-ზე მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა მოხერხდა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა. ძლიერი დაკვამლიანებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 20-მდე მეხანძრე-მაშველმა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლო", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში
უწყებამ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო.