(რეზონანსი) გაზეთ „რეზონანსის" მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები კორუფციული რისკების შემცველია და მიმართულია კომერციული არხების წინააღმდეგ.
„ბევრი შეცდომაა დაშვებული ამ კანონში და მე იმედი მაქვს, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს. თუ ტელევიზიებს ექნებათ დიდი პროტესტი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტი მათ მოსაზრებებს გაიზიარებს", - განაცხადა ტუღუშმა.
"რუსთავი 2" - ის წარმომადგენლის, თამთა მურადაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი აზარალებს ყველა კომერციულ და კერძო ტელევიზიას.
მისივე თქმით, მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ტელევიზიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავს.
„ ამ საკითხის განხილვა ხდება მხოლოდ ერთ ჭრილში - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელშეწყობის ჭრილში და ამის ფონზე ხდება კერძო მაუწყებლების დაჩაგვრა",- აღნიშნა მურადაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს შეეხო.
"ეს კანონპროექტი მთელი პრესის განვითარებას შეუწყობს ხელს. თუ გაინტერესებთ, უპირატეს მდგომარეობაში "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ნამდვილად არ არის. როდესაც მილიონებზეა საუბარი, განსაკუთრებით "რუსთავი 2"- ს ვთხოვ გაიხსენოს, სახელმწიფოსგან, ბიუჯეტიდან ნაპატიები თანხები, რომელიც ერთი ტელევიზიის დაარსებას ეყოფა",- განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ.
დღესვე, პრეზიდენტს არასამთავრობო სექტორისა და ტელევიზიის წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც ამ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება დააფიქსირეს.
2016 წლის 19 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა პარლამენტს, რომლის მიხედვითაც "მაუწყებლობის შესახებ" კანონის 30-ე მუხლში ცვლილებების შეტანას ითხოვდნენ, რაც მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შემცირებას გულისხმობდა.