(რეზონანსი) თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ განაცხადა, რომ მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ინიციატორები არც დავით სარალიძე და არც ლევან დადუნაშვილი არ ყოფილან.
მისივე თქმით მისი შვილი მეგობარს დასახმარებლად გაჰყვა, ხოლო მეორე დაღუპული კონფლიქტში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა.
ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობაში მხოლოდ ერთი დამნაშავე არაა და რამდენიმე ცივი იარაღია გამოყენებული.
"რეალურად რომ ვიმსჯელოთ, იმდენი ჭრილობა აქვს მიყენებული, რომ გამორიცხულია, ეს ორ კაცს გაეკეთებინა. იყო ხუთი შემღწევი ჭრილობა და კიდევ შვიდი, რაც ორი დანით გამორიცხულია.
ჩემს შვილს ორი კაცი ვერ მოკლავდა, ვერც მოერეოდა, ხუთი კაციც რომ ყოფილიყო, ვერ მოერეოდა. შიშველი ხელით ვერც ერთი ვერ მოერეოდა. მისი ყველაზე დიდი მინუსი იყო, რომ ძალიან ძლიერი იყო და მაგის გამო იარაღი გამოიყენეს", - განაცხადა მოკლული მოზარდის მამამ.