(რეზონანსი) დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამართალდამცავების შეთავაზებაზე, რომ დანებებულიყვნენ, უარი განაცხადეს, გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს, - ამის შესახებ, სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ საქმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია. საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო სპეციალური დამატებითი ღონისძიებების გატარება შესაძლო დანაშაულებრივი ჯგუფის გაუვნებელყოფის მიზნით. სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ იქნა ერთი პირი.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი მათთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს დანებების თაობაზე. მოლაპარაკებების პარალელურად, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია კორპუსიდან და ასევე, მიმდებარე ტერიტორიიდან. მრავალსაათიანი და ინტენსიური ოპერაციის დროს, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.
„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამართალდამცავების შეთავაზებაზე, რომ დანებებულიყვნენ, უარი განაცხადეს, გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს.
„სპეცოპერაცია მიმდინარეობდა მჭიდროდ დასახლებულ გარემოში და ყველა კონკრეტული ნაბიჯი იგეგმებოდა უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის გათვალისწინებით. 20 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებიდან 2 პირის ლიკვიდაცია განხორციელდა, ხოლო ბინაში მყოფმა ერთმა პირმა - ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. სამწუხაროდ, ერთი თანამშრომელი, ივანე გოლაშვილი ამ სპეცოპერაციის დროს დაგვეღუპა. დაიჭრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი, და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.
„გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს აღნიშნული ბინიდან დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
სუს-ი გარდაცვლილი სპეცრაზმელის ივანე გოლაშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს.
მათი ინფორმაციით, დაჭრილი სპეცრაზმელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.