(რეზონანსი) საქართველოს მთავრობის თხოვნით, FBI-დან რამდენიმე ექსპერტი ჩამოვიდა და ქართულ მხარეს სპეცოპერაციის საქმის გამოძიების პროცესში ეხმარებიან, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.
"რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას, მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად, კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გეტყვით იმას, რომ საქართველოს მთავრობის თხოვნით FBI-დან რამდენიმე ექსპერტი ჩამოვიდა, რომლებიც ეხმარებიან გამოძიების პროცესში. ასევე, ჩვენი ინფორმაციით დღეს პრესკონფერენცია გაიმართება სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ინტერესით ველოდებით ამას", - განაცხადა იან კელიმ.
მისივე თქმით, შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადება, სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირების ქვეყანაში არალეგალური გზით შემოსვლასთან დაკავშირებით, არ უნახავს.
"მე არ მინახავს მინისტრის ეს განცხადება, თუმცა, არსებობს კონკრეტული კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს პირები იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და როგორ აღმოჩნდნენ ისინი საქართველოში", - დასძინა კელიმ.
შს მინისტრმა ცოტახნის წინ განაცხადა, რომ პირველადი მონაცემებით, ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ.