(რეზონანსი) "აზარტული თამაშებით ზიანდებიან ახალგაზრდები, მათ უკან მდგომი ადამიანები დიდ განსაცდელში არიან", - ამის შესახებ მამა ანდრია ჯაღმაიძემ სამების საკათედრო ახალგაზრდულ ცენტრში განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების თემაზე შეხვედრა გაიმართა.
მისივე თქმით, აზარტული თამაშების თემაზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ასევე, საზოგადოების წევრები. სასულიერო პირის ინფორმაციით, ეკლესიაც თავის წვლილს შეიტანს ამ პრობლემის გადასაჭრელად.
"პრობლემა არის გლობალური. აზარტული თამაშებით ზიანდებიან ახალგაზრდები, მათ უკან მდგომი ადამიანები დიდ განსაცდელში არიან. საზოგადოების არც ერთი ფენა არ დარჩენილა, რომელსაც ეს პრობლემა არ შეხებია. გაპარტახებული ოჯახები, ახალგაზრდები, რომლებიც ასოციალურები არიან იმის გამო, რომ სრულიად ახალგაზრდა ასაკში ვალის გადახდის უდიდესი ტვირთი აწევთ. აზარტული თამაშით გართულს, აღარ აქვს ძალა, რომ იშრომოს, ისწავლოს, ოჯახი შექმნას. ეს პრობლემა ძალიან მრავალმხრივია", - განაცხადა მამა ანდრიამ.
გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ოჯახები, დედები, რომელთა შვილებიც აზარტული თამაშების შედეგად დაზარალდნენ.