რეზონანსი
17.11.2017

 (რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიზე სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის საქმიანობის შესახებ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებას გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადასული იყო პოლიტიკურ აქტივობაზე. როგორც ჩანს, ემზადება პოლიტიკური აქტიურობისთვის მას შემდეგ, რაც აღარ იმუშავებს სახალხო დამცველის პოსტზე", - განაცხადა კობახიძემ.

წულუკიანის განცხადებას, რომ ნანუაშვილი ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველია, კობახიძის თქმით, იუსტიციის მინისტრს შეფასების გაკეთების მორალური უფლება აქვს.

"თეა წულუკიანს აქვს იმის მორალური უფლება, რომ შეაფასოს სახალხო დამცველის საქმიანობა. მე მოვისმინე მისი მხრიდან შეფასება. ის საუბრობდა იმაზე, რომ ეს სახალხო დამცველი არის ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველი ჩვენი ისტორიის მანძილზე. ეს არის მისი შეფასება. ამის მორალური უფლება იუსტიციის მინისტრს აქვს, აქედან გამომდინარე, ეს იყო მისი პოზიცია", - აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრ შოთა შალელიშვილის განცხადებას, რომელმაც წულუკიანი გააკრიტიკა.

"რაც შეეხება უმრავლესობის წევრის განცხადებას, მე ვფიქრობ, ეს კორექტული არ იყო. როცა გუნდის წევრებს შორის არის აზრთა სხვადასხვაობა, ჯერ ეს გუნდის შიგნით უნდა გაირკვეს და ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს გარეთ განცხადება", - დასძინა კობახიძემ.

კობახიძემ ბოლოს დასძინა, რომ ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურის საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და მმართველი გუნდი ჯერჯერობით კანდიდატურას ვერ დაასახელებს.

„უახლოეს მომავალში დასრულდება ეს კონსულტაციები და გუნდი თავის კანდიდატურას დაასახელებს", - ამბობს კობახიძე.

ომბუდსმენს უფლებამოსილება დეკამბერში ეწურება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×