(რეზონანსი) მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იზიარებს ედუარდ შევარდნაძის ოჯახის მიმართვას და ადასტურებს მის უდიდეს როლს გერმანიის გაერთიანების ისტორიულ მოვლენაში.
"გვსურს, განვმარტოთ, რომ 9 ნოემბერს ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმასთან დაკავშირებული გამოფენა ორგანიზებული იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო და ელჩი მის მომზადებაში ჩართული არ ყოფილა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი საღამოზე მოწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა".
მათივე განმარტებით, ევროპის მოედანზე მუდმივად რჩება მხოლოდ ბერლინის კედლის ფრაგმენტი, ხოლო გამოფენა მხოლოდ 9 ნოემბრის საღამოსთვის იყო ორგანიზებული.
შეგახსენებთ, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილებმა საქართველოში გერმანიის ელჩს მიმართეს. წერილში ოჯახი გულისტკივილს გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე ედუარდ შევარდნაძის ფოტო არ იყო განთავსებული.