(რეზონანსი) თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო დამკვირვებლები პირველ შეფასებებს აკეთებენ. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, საარჩევნო სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო. თუმცა, საერთაშორისო დამკვირვებლები მიიჩნევენ,რომ მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია აშკარაა და ამან არჩევნების სხვადასხვა ასპექტზე ზეგავლენა მოახდინა.
„ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლის შემთხვევები იყო და ასევე დაფიქსირდა რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტიც. მიუხედავად იმისა, რომ მასმედია სხვადასხვა პარტიებთან იყო აფილირებული, მედიის აქტიურობამ დებატების ზრდას მნიშვნელოვანი ხელი შეუწყო. მთლიანობაში, კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად ჩაიარა" , - განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კარენ იონკერმა.
კამპანიის დაფინანსება იყო ერთ-ერთი შეფასების ნაწილი, რომელზეც ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი განსხვავება აღინიშნა კამპანიების შემოწირულობებს შორის, სადაც მმართველმა პარტიამ პირადი შემოწირულობების 91% მიიღო. წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, წინა რეკომენდაციების უმრავლესობა ჯერ კიდევ გაუთვალისწინებელი რჩება" , - განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.
იონკერმა თავის შეფასებაში ყურადღება საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა უწყებები საქმიანობას დროულად, ეფექტურად და პროფესიონალურად ახორციელებდნენ. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კონკრეტულ დარღვევებზეც ისაუბრა.
„ჩვენ კიდევ დავაფიქსირეთ რამდენიმე შემთხვევა საჯარო სექტორის მოსამსახურეებზე ზეწოლისა, რათა მათ მხარი დაეჭირათ მმართველი პარტიისთვის. ასევე აღნიშნული იყო ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენებაც" , - განაცხადა იონკერმა.