(რეზონანსი) საქართველოს მთავრობის სხდომაზე მოიწონეს პროექტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 5,500-მდე აბონენტი გაზიფიცირდება.
გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხაში განხორციელდება.
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მასშტაბით 35 ათასამდე ოჯახისათვის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო/სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად, 47 მილიონი ლარია გამოყოფილი.
გაზიფიცირების სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ახორციელებს.
2013-2016 წლებში, საქართველოს მასშტაბით, გაზიფიცირდა 200 ათასამდე აბონენტი. ასევე, 2014-2015 წლებში ბუნებრივი აირის ქსელში ჩაერთო ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფლის 13,459 ოჯახი.