(რეზონანსი) ფესტივალ „ჯემ ფესტ"-ის ორგანოზატორი გიორგი სიგუა ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ფესტივალის შესახებ სოციალური ქსელით ეხმაურება. მისი თქმით, არ სურს, რომ ეს თემა პოლიტიკურმა ჯგუფებმა წინასაარჩევნოდ გამოიყენონ.
„არანაირი სურვილი არ მაქვს საშუალება მივცე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს გამოიყენონ ეს თემა და პირადად მე სკანდალისთვის და ვიქცე ხმაურიანი ისტორიის და კონფლიქტის მონაწილედ. სახელმწიფოს გადასაწყვეტია დაეხმარება თუ არა პროექტს სამომავლოდ, ჯემ ფესტი შეიქმნა კერძო ინვესტიციით 2015 წელს და არავითარი სახელმწიფო თანადაფინანსება არ ყოფილა. მოგვიწევს მასშტაბების შემცირება, მოძიებული რესურსებით შედარებით მცირე პროექტის დაგეგმვა, 3 ან 4 დღიანი და ისე ჩატარება" , - განაცხადა გიორგი სიგუამ.
ფესტივალის ორგანიზატორის თქმით, შედარებით მცირე მასშტაბიანი ღონისძიება ნაკლებად სარისკო იქნება და როგორც სიგუა ამობს, „ხათაბალას" გადარჩებიან, რომელიც 32-დღიან ნონსტოპს მოჰყვა. გიორგი სიგუას თქმით, „ჯემ ფესტ"-ი ნებისმიერ შემთხვევაში დაიგეგმება და ჩატარდება.
„რაც შეეხება ხარვეზებს და შეცდომებს, ვის რა უნდა გაეკეთებინა, ვის რა უნდა უზრუნველეყო და ვის რა უნდა შეესრულებინა, ამის შესახებ ვისაუბროთ არჩევნების შემდეგ. ისედაც ყველაფერი მე მბრალდება და ნამდვილად არ მინდა ამჯერად საარჩევნოდ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობა დამწამონ" , - წერს გიორგი სიგუა სოციალურ ქსელში.