(რეზონანსი) უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს მიერ თბილისში გაკეთებული განცხადების გამო საიამ ცესკოს მიმართა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფიქრობს, რომ შევჩენკომ სავარაუდოდ საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სანქცია 2000-ლარიანი ჯარიმაა.
ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და კახა კალაძის დახმარებით, თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატისა და მისი მეგობარი ვარსკვლავების მონაწილეობით 29 სექტემბერს საქველმოქმედო მატჩი გაიმართა. თამაშის დასრულების შემდეგ ანდრეი შევჩენკომ თქვა:
„დიდად მოხარული ვარ აქ ყოფნით. გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემს მეგობარ კახი კალაძეს. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება" , - განაცხადა შევჩენკომ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ. აგიტაცია არის ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.
საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს.