(რეზონანსი) სოხუმის დაცემიდან დღეს 24 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
დაპირისპირება 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ დაარღვია სოჭის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და სოხუმის ასაღებად შტურმი დაიწყო.
სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 27-ში ქალაქის დაცემით დასრულდა. სწორედ ამ დღეს დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი.
ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.