(რეზონანსი) თბილისის მერიამ, ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მათი ინფორმაციით, მერია საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს, რათა აღნიშნული ფაქტი რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ.
"მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ძალისხმევას არ იშურებს ქალაქის მასშტაბით არსებულ ბაღებში უსაფრთხო გარემოსა და სივრცის შესაქმნელად, მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაც ყოვლად გაუმართლებელია.
"ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და აღსაზრდელი ინგოროყვას კლინიკაში საჭირო სამედიცინო პროცედურებს გადის.
თბილისის მერია მომხდარს გმობს და საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ამასთანავე, თბილისის მერი ავალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას სასწავლო პროცესზე ზედამხედველობას უშუალოდ ახორციელებდნენ .
"მოვუწოდებთ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, თავი შეიკავონ არაეთიკური განცხადებებისგან. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ზემო ფონიჭალაში მდებარე 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა. ბავშვი ინგოროყვას კლინიკაში მოათავსეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ექიმის ინფორმაციით, ბავშვს ტრავმები სახისა და თავის არეში აქვს მიღებული, ასევე მარჯვენა ფილტვი აქვს დაზიანებული, რომელზეც დრენაჟი გაუკეთდა.
საქმეზე გამოძიება შსს-მ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.