(რეზონანსი) საქველმოქმედო მატჩზე „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" ბილეთების შეძენა ხვალიდან „დინამო არენას" სალაროებშიც იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე www.tkt.ge - ზე 19 სექტემბრიდან მიმდინარეობს. მატჩზე დასასწრები ბილეთების ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარია, ასევე გაყიდვაშია 10,15 და 25 ლარიანი ბილეთები.
საქველმოქმედო მატჩში „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება, რომელშიც თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც ითამაშებს. მატჩში კალაძის მონაწილეობაზე განმარტება გააკეთა მისი შტაბის უფროსმა არჩილ თალაკვაძემ. თალაკვაძის თქმით, პარტია ამ მატჩში მონაწილეობით არანაირ პოლიტიკურ აგიტაციას, წინასაარჩევნო კამპანიას და მის რაიმე ელემენტებს არ გამოიყენებს.
თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები ესტუმრებიან, როგორებიც არიან: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი.
მატჩიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება. ბორჯომის ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვის 1 754 133 ლარი უკვე შეგროვდა.
საქველმოქმედო მატჩის „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" ბილეთების ფიზიკური გაყიდვა „დინამო არენას" სალაროებში ხვალ, 24 სექტემბერს 11:00 საათზე დაიწყება.