რეზონანსი
22.09.2017

 (რეზონანსი) „რუსეთის ფედერაცია საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას განაგრძობს, რითაც არაერთ საერთაშორისო ვალდებულებას არღვევს" - ამ სიტყვებით მიმართა საქართველო პრემიერმინისტრმა მსოფლიო ქვეყნების ლიდერებს, გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მოსკოვმა გაააქტიურა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიის პოლიტიკა და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია, ატარებს მავთულხლართებს და ზღუდავს იქ მცხოვრები მოქალაქეების თავისუფლად მიმოსვლას.

„გაეროს წევრებმა კარგად იციან, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას. 2017 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა. მან გააფორმა ე.წ. „შეთანხმებები ინტეგრაციის შესახებ" და ხელი მოაწერა „ხელშეკრულებებს" დე ფაქტო ხელისუფლებებთან, რათა რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა სისტემებმა შთანთქან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები" , - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე პრემიერმინისტრმა ისაუბრა თუ რა წარმატებას მიაღწია საქართველომ უკანასკნელი წლების განმავლობაში. კვირიკაშვილმა განცხადება საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზეც გააკეთა. სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ისაუბრა ეკონომიკურ პროექტებზე, ხაზი გაუსვა საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას, აღმოსავლეთის და დასავლეთის ბაზრების დაახლოებაში ქვეყნის როლს, რეგიონის განვითარებაში შეტანილ წვლილს.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით. მსოფლიოეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-5 ადგილზეა მსოფლიოში. ჩვენ სასტიკი ბრძოლა გამოვუცხადეთ კორუფციას. ჩვენ ურყევად ვიცავთ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას. ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ კერძო საკუთრების დაცვას.ეს არ გახლავთ კოსმეტიკური ცვლილებები" , - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა შეერთებულ შტატებში ვიზიტი უკვე დაამთავრა და თბილისში დღეს დაბრუნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×