რეზონანსი
20.09.2017

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული ალტერნატიული დოკუმენტი პიარკამპანიაა იმ კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელმაც პროგრესი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება უნდა უზრუნველყოს.

„ამას კონსტიტუციის შინაარსთან და იმასთან საერთო არაფერი აქვს, თუკონსტიტუციის კონკრეტული ნორმა მომავალში როგორ იმოქმედებს. რეალურად, ეს პიარკამპანიაა იმ კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელმაც პროგრესი და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება უნდა უზრუნველყოს", - განაცხადა მდინარაძე.

მისი თქმით, საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიღებისთვის დარჩენილია მესამე მოსმენა, სადაც მხოლოდ რედაქციული სახის შენიშვნების გამოთქმის საშუალება იქნება.

„კონსესუსის შემთხვევაში, საუბარი გარკვეულ დათქმებსა და იურიდიულ მექანიზმებზე იყო. ისიც ვიცით, რომ ორი-სამი თვის განმავლობაში პასუხის გაუცემლობით, რაც ჩვენმა ოპონენტებმა უზრუნველყვეს ისაა, რომ კონსესუსი არ შემდგარიყო. აქედან გამომდინარე, ჩვენს დაპირებას, რომ კონსტიტუცია შეიცვლებოდა და ბუნებრივია, დადებითად შეიცვლებოდა, აუცილებლად შევასრულებთ",- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიცია მმართველ გუნდს შეთანხმებას ხუთ საკითხზე სთავაზობს, მათ შორის: საარჩევნო ბარიერის დაწევაზე, პროპორციული სისტემის ამოქმედებაზე, პრეზიდენტის არჩევის წესსა და პარლამენტის როლის გაძლიერებაზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×