(რეზონანსი) პროკურატურა საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმისთვის, მიხეილ მგალობლიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. ამის მიზეზად პროკურატურა მგალობლიშვილის კრიმინალურ წარსულს ასახელებს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
„მგალობლიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით იყო ბრალდებული და თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი სრულად დამნაშავედ სცნო. შემდგომ აღნიშნული განაჩენი ძალაში სააპელაციო სასამართლომაც დატოვა. ამჟამად მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
„რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რატომ არ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, გიპასუხებთ, რომ მგალობლიშვილი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ისეთი ძალადობრივი დანაშაულისთვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში. გარდა აღნიშნულისა მგალობლიშვილი სასამართლო განხილვებისას აცხადებდა, რომ იარაღები იყო გარდაცვლილი მამის დანატოვარი და წარმოადგენდა რელიქვიას, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა "BROWNING"-ის კონსტრუქციის იარაღს ერთი მჭიდით და ერთი ვაზნით, ასევე თავის საცხოვრებელ სახლში ქარხნული წესით დამზადებულ 7,65 მმ კალიბრის იარაღს -„BERETTA" ინახავდა. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ამოღებული იარაღები ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება და სროლისთვის ვარგისია, ხოლო ამოღებული ვაზნა საბრძოლო მასალას წარმოადგენს და გამოსაყენებლად ვარგისია", - განაცხადეს პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ოგორც მოსამართლემ განმარტა, იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდება 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და მან, ამ შემთხვევაში, სასჯელის მინიმალური ვადა გამოიყენა. მოსამართლის განცხადებით, საპროცესო გარიგება მხარეეს შორის მიღწეული არ ყოფილა და ამიტომ პირობითი პატიმრობის გამოყენების უფლებას კანონი არ აძლევდა.
მიხეილ მგალობლიშვილი იანვარში დააკავეს.