(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფიგნზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ოპოზიცია კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე შეთანხმდა და ეს დოკუმენტი "ქართულ ოცნებას" და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაიაზრა ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი აუცილებლობა და თანხმობამდე მივიდა.
"ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რაღაცა დათმო, მაგრამ თანხმობა შედგა. ახლა ეს დოკუმენტი "ქართულ ოცნებას" და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. იმ იმედით და განცდით, რომ როგორც საზოგადოებამ, როგორც პოლიტიკურმა კულტურამ, ჩვენ საერთომდე და თანხმობამდე მისვლა უნდა შევძლოთ . ყოველ შემთხვევაში ის მითი, თითქოს საქართველოში განსხვავებული შეხედულებების ადამიანები ვერასდროს ვერაფერზე თანხმდებიან, ნამდვილად დამსხვრეულია. სრულიად განსხვავებული შეხედულების პარტიები დგანან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთ პოზიციაზე. ამისათვის საჭიროა თანხმობის სულისკვეთება, დიალოგი, სადაც შენ არა ხელის გადაწევას, არამედ სხვის აზრს მოისმენ. იმედი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი საპარლამენტო უმრავლესობას უბიძგებს, რომ თავის ძალიან უკომპრომისო პოზიციას გადახედოს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი ვერსია შექმნან და "ქართულ ოცნებას" გააცნონ.
კონსტიტუციის საბოლოო ვერსიას პარლამენტი მომდევნო 26 სექტემბერს მესამე მოსმენით კენჭს უყრის. მანამდე კი, სავარაუდოდ, 22 სექტემბერს, ვენეციის კომისიის დასკვნა გახდება ცნობილი.