რეზონანსი
15.09.2017

 (რეზონანსი) პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. დედაქალაქის მერმა, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა და განაცხადა, რომ განახლებული პეკინის ქუჩა 18 სექტემბერს გაიხსნება.

"რეაბილიტაციის ფარგლებში, პეკინის ქუჩაზე, ასფალტის ახალი საფარი დაიგო, მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად გამოიცვალა, წყალსადენის ქსელი, გერმანელი ექსპერტების დახმარებით, ევროპული ტექნოლოგიით სრულად განახლდა, ექსპლუატაციაში გაშვებამდე ქსელს ჰიდროტესტირება ჩაუტარდა, გამოიცვალა შუქნიშნის ყველა (6) ობიექტი და ისინი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ხმოვანი აპარატურითა და „სიმენსის" უახლესი კონტროლერებით აღიჭურვა.

"პეკინი-ვაჟა-ფშაველასა და პეკინი-ყაზბეგის გამზირის კვეთებში გაკეთდა უსაფთხოების კუნძულები, ხოლო კალანდაძისა და პეკინის ქუჩების კუთხეში გზა გაფართოვდა და 1 საავტომობილო ზოლი დაემატა. ველო ბილიკი დაპროექტდა, სადაც ველო სადგომებისთვის 4 ლოკაცია გამოიყო. ტრანსპორტის სამსახურის მიერ, ველო ბილიკი შესაბამისი ნიშნებითა და მონიშვნებით უზრუნველყოფილი იქნება.

"უახლოეს დღეებში ავტობუსების ზოლების „ბასლაინების" მოწყობა იგეგმება, რის შემდეგაც ავტობუსების გაჩერებებზე ახალი მოსაცდელები დაიდგმება.

ქვეითთა გადასასვლელები ცივი პლასტის მეთოდით დაიხაზება. ორფეროვანი, ან ერთფეროვანი „ზებრები" სპეციალური შუშის ბურთულაკებით დაიფარება, რაც ხელოვნური განათებისას ბზინავს და მაღალ ხილვადობას უზრუნველყოფს.

"რაც შეეხება გამწვანების სამუშაოებს, პეკინის ქუჩაზე 100 ქოთანი დაიდგმება, რომლებშიც დეკორატიული ბუჩქები დაირგვება.

"შემუშავებულია პეკინის ქუჩაზე ავტომობილების პარკირების ახალი სქემაც. პეკინი-მიცკევიჩის ქუჩების კვეთაში არსებულ სამკუთხედში მიახლოებით 50 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. პეკინის ქუჩაზე სულ პარკირების 205 ადგილი იქნება", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

რაც შეეხება პეკინის ქუჩის გაცალმხრივებას, როგორც დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის არსებითი დაბრკოლებები არ იქნება, მოძრაობა ცალმხრივი დარჩება

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×