რეზონანსი
05.09.2017

 (რეზონანსი) ალექსანდრე ელისაშვილი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად ოფიციალურად უკვე დაარეგისტრირა. შესაბამისი აქტი ცესკომ გუშინ გამოსცა. ამის შესახებ ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მხარდამჭერების მიერ შეგროვებული ხელმოწერები მას გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

"გუშინ საღამოს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აქტი გამოსცა და მე თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად დამარეგისტრირა. როგორც ცნობილია, შემჭიდროებულ ვადებში 10 000 ხელმოწერის მიტანა მომთხოვეს და ჩვენ ორჯერ უფრო მეტი ხელმოწერა - 20000 ხელმოწერა მივიტანეთ. შედეგად ხელისუფლება იძულებული გახდა ხალხის არნახული ენთუზიაზმისთვის ანგარიში გაეწია და მოსახლეობის საოცარმა თავდადებამ, ხალხის მხარდაჭერამ თავისი გაიტანა.

„ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ერთის მხრივ ხელისუფლების გეგმა ჩავშალეთ, რომ მე ბიუროკრატიული ხერხებით საარჩევნო პროცესის მიღმა დავრჩენილიყავი. მეორეს მხრივ უკვე მივაღწიეთ ერთ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას. ეს გამარჯვება, ხელმოწერების შეგროვების დროს გამოვლენილი ენთუზიაზმი მარწმუნებს იმაში, რომ ოქტომბრის ბოლოს ჩვენ თბილისში ხალხთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწევთ",- განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×