(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა 79 წლის მწვრთნელთან ლევ სარქისოვთან ერთად ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილი ექსპედიციის მონაწილეებთან ერთად ყაზბეგში, გუდაურის მახლობლად უსახელო მწვერვალზე ავიდა და ახალი მარშრუტი შეადგინა.
უსახელო მწვერვალს საქართველოს კონსტიტუციის სახელი მიენიჭება. მისი სიმაღლე 3170 მეტრია. მთაში გასვლა საქართველოს კონსტიტუციის დღესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იგეგმებოდა, თუმცა, ბორჯომის ხანძრის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზეიმო ღონისძიებებთან ერთად აღნიშნული აქტივობაც გადაიდო.
„ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ მწვერვალის სახელდება დაკავშირებული ყოფილიყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანთან, საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც ყველას იარაღი, ყველას მიერ გამოყენებული წიგნი უნდა იყოს. ამიტომ შეირჩა არა განსაკუთრებულად რთული მწვერვალი, არამედ მარტივი, რომელსაც თავის საოცარი სილამაზე აქვს, იქით მყინვარწვერი ჩანს, არაჩვეულებრივი პანორამა იშლება. სახელს საქართველოს კონსტიტუციას დავარქმევთ და იმედი მაქვს, რომ ბევრი ალპინისტი, ტურიუსტი თუ სპორტული ადამიანი, რომელსაც სამთო გამყოლი ეყოლება აქ ამოვა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი ექსპედიციაში ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან დავით რაქვიაშვილთან და საერთაშორისო მდივანთან თენგიზ ფხალაძესთან ერთად იმყოფებოდა.
79 წლის ინსტრუქტორი ლევ სარქისოვი არა ერთი ქართველი ალპინისტის მასწავლებელია, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის და ეროვნული უშიშრობეის საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის მწვრთნელი იყო.
ლაშქრობაში პრეზიდენტთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სათავგადასავლოს ტურიზმის სკოლის სამთო გამყოლებიც იმყოფებოდნენ.