(რეზონანსი) კინომსახიობთა თეატრის ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე აცხადებს, რომ 17 სექტემბრამდე სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე რჩება და ამ დრომდე აქვს მას უფლებამოსილება.
დოლიძე კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის გადაწყეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც კინომსახიობთა თეატრს გიორგი სიხარულიძე უხელმძღვანელებს. მისი თქმით, „გიორგი სიხარულიძეს ამ თეატრში, ცხოვრებაში არც ერთი სპექტაკლი არ დაუდგამს".
კიდევ ერთი გათავისუფლება თოჯინების თეატრში მოხდა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ელენე მაცხონაშვილიც თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
თოჯინების თეატრის უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი საპროტესტო აქციებს აანონსებს. მაცხონაშვილი მომხრეებთან ერთად კარავის გაშლას თოჯინების თეატრთან აპირებს, ხვალ კი მისი თქმით, სამინისტროსთან გადაინაცვლებს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კინომსახიობთა და თოჯინების თეატრებში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნას ხელი მოაწერა.
კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი სიხარულიძე დაინიშნა. თოჯინების თეატრში კი - ნიკოლოზ საბაშვილი.