(რეზონანსი) აბასთუმნის ტყეში ჩვენ პოზიტიური დინამიკა გვაქვს და ცეცხლის ყველა ღია კერა ჩამქრალია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ავიაციასთან ერთად ეფექტურად მუშაობენ და იმ შემთხვევაში, თუ ამინდი ხელს შეუწყობს, ხანძარი დღის ბოლოს უკვე ლოკალიზებული იქნება.
"შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის ყველა ღია კერა ჩამქრალია. ავიაცია და ცოცხალი ძალა ეფექტურად მუშაობს. კავშირგაბმულობა სრულად გვაქვს აწყობილი. ვერტმფრენებს კონკრეტულ კოორდინატებს აძლევენ, თუ სად უნდა დაესხას წყალი. დღის ბოლომდე, თუკი ამინდი ხელს შეგვიწყობს, ხანძარი ფაქტობრივად ლოკალიზებული იქნება", - ამბობს მღებრიშვილი.
მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის 300-მეტრამდე გზა არის გაჭრილი, რისი საშუალებითაც სახანძროები ხანძრის კერებთან მივიდნენ და მათი დამუშავება მიმდინარეობს.