როგორც ცნობილია, პირველი წერილი ნიკო ფიროსმანზე გრიგოლ რობაქიძემ 1922 წელს გაზეთ "ბახტრიონში" გამოაქვეყნა, თუმცა მწერალი გიორგი კაკაბაძე თავის დოკუმენტურ რომან "დაკარგული უბრალოების ძიებაში" ერთი საინეტერესო წერილის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც გრიგოლ რობაქიძეს ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების იმ ერთდღიანი გამოფენის შემდეგ დაუწერა, რომელიც 1916 წლის 5 მაისს ილია ზდანევიჩის ატელიეში მოეწყო და რომელიც 1916 წლის 15 მაისით თარიღდება. როგორი შთაბეჭდილება მოუხდენია ამ გამოფენას გრიგოლ რობაქიძეზე, მკითხველი ამ წერილიდან შეიტყობს.
"ქართული პრიმიტივიზმი" - ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების გამო
"თანამედროვე ესთეტიკური ცოდნის ერთ-ერთი შესანიშნავი შენაძენი გახლავთ ის მდგომარეობა, რომ ყოველი ჭეშმარტად მხატვრული ცნობიერება თავის თავში შეიცავს ავტონომიურ ფასეულობას, დამოკიდებულს იმ "სკოლისაგან", რომლის ფრაგლებშიც იგი წარმოიქმნა. ამ თვალსაზრისით ერთნაირად ფასულია სხვადასხვა სკოლისა და მიმართულების ნაწარომებები. მხოლოდ მასში უნდა იგრძნობოდეს ნამდვილი შემოქმედებითი სული. სეზანი არ ხატავდა ისე, როგორც რაფაელი და არც რაფაელი ხატავდა ისე, როგორც სეზანი. მიუხედავად ამისა, მხატვრობის საგანძური ვერ შეელევა ვერც რაფაელს და ვერც სეზანს.
ჭეშმარიტად მხატვრული შთაგონების სფეროში არ არის წინააღმდეგობა და უარყოფა. იქ, სადაც ჩვეულებრივ წინააღმდეგობასა და უარყოფას ვხედავთ, მხატვრული ხედვისათვის იხსნება მხოლოდ ზრდა და შევსება. მხატვრულ ქმნილებაში იხსნება მარადიული შემოქმედებითი ენერგია და ამ ენერგიის ყოველი გამოცხადება თავისთავად ფასეულია. ამ თვალსაზრისით ყოველი მხატვრული ნაწარმოები მარადიულობის საკუთრებაა. ამავე დროს აუცილებელია ვაღიაროთ, რომ მხატვრული ნაწარმოები თავისი გამოვლინებით "ისტორიულია", მარადიული მხატვრული ენერგიის ნიღაბია. მხატვრული ნაწარმოები იმავდროულად ისტორიის მოცემული მომენტის "ხოცშესხმაა". აქედან გამომდინარეობს სკოლებისა და მიმდინარეობის განსხვავება, სტილთა და კულტურათა განსხვავება. მხატვრული აზრის თვალსაზრისით ყველა სტილი ერთნაირად ფასეულია. მხოლოდ მასში უნდა ცოცხლობდეს მხატვრული შთაგონების ჭეშმარიტი "სტილი". "ისტორიული "სახე".
დღეს შეუძლებელია ისე წერა, როგორც ჰომეროსი წერდა და მიუხედავად ამისა, უფრო სწორად, ამის წყალობით, უსასრულოდ ვტკბებით ჰომეროსის ქმნილებებით. მათში გვაოცებს სწორად "ადგილობრივი" კოლორიტი, რომელმაც მარადიულობის არომატი გაგვიმხილა.
მხოლოდ ასეთი გზით შეგვიძლია მივუახლოვდეთ თანამედროვე მხატვრულ ძიებებს. პრიმიტივიზმი ერთ-ერთი ასეთი ძიებაა. მხატვრული თვალი დაიღალა ფილიგრანულობითა და დახვეწილობით. და აი, მის წინაშე დადგა "პირველქმნილი ბუნების" ხატი. ამ პირველქმნილებაში არის რაღაც უსასრულოდ უბრალო და იმავდროულად მოულოდნელი - გენიალურობის შტრიხი. და ყოველივე ეს ახლებურად ელამუნება მხატვრულ მზერას. და მართლაც, როგორ არ მივეცეთ ამ მომხიბვლელობას, როდესაც ყველაზე მარტივისა და ჩვეულებრივის ფონზე მოულოდნელად გაიბრწყინებს "ბუნების გენიალურობა": ყოვლის მპყრობელი და ყოვლის დამამარცხებელი! ამ თვალსაზრისით არ შეიძლება არ დავტკბეთ მხატვრული ლაფანით, რამეთუ ლაფანშიც შეიძლება გამოინახოს განიალურობა. ვისაც არ უნდა ამას დაეთანხმოს, მას შეუძლია, პირველყოფილი ხალხების სკულპტურულ გამოსახულებებს გაეცნოს. მათში ზოგჯერ ისეთი გამოსახულებითი ძალაა, რომ რომელიმე ბავშვურად გამოკვეთილ რელიეფში მთელი საუკუნეა მომწყვდეული. ხელოვნებაში პრივიტივიზმი არის სწრაფვა, რომ ბავშვურად უბრალო გამოსახულებაში ბუნების გენიალურობის "გამომსახველობითი ძალა" აჩვენოს. არსებითად ასეთია ფრანგული პრივიტივიზმის უპირატესობა.
ნიკო ფიროსმანაშვილიც პრიმიტივისტია. თანამედროვე პრიმიტივისტებისაგან მას მხოლოდ ის განასხვავებს, რომ იგი თანამედროვეობის რომელიმე შეგნებული ძიების თანაზიარი არ გახლავთ. იგი უბრალოდ "მღებავია", რომელიც აბრებს წერს. მისი მხატვრული ნიჭის აღმოჩენა ეკუთვნის ილია ზდანევიჩს. იგი რამდენიმე წელი აგროვებდა თბილისის დუქნებში გაფანტულ ფიროსმანაშვილის ნახატებს. ამ დღეებში კი ამ ნახატების გამოფენა მოეწყო. ამ გამოფენამ მხატვრული ენერგიის უზარმაზარი ძალა დაგვანახვა, რომელიც ქართველი ხალხის შემოქმედებით ნიჭშია ჩადებული. ფიროსმანი საღებავებით მოთხრობილი ზღაპრების ჭეშმარიტი სახალხო მთქმელია. მისი ქმნილებები ისეთივე მშვენიერია, როგორიც ხალხური ზღაპრები. მათ შორის უამრვი "ბავშვურობაა", უბრალოება, უშუალობა, სადა. იმავდროულად, მათში უზარმაზარი გამომსახველობითი ძალა იგრძნობა.
ამ თვალსაზრისით საინტერესოა მისი "ჟირაფი". თუკი გეინინგერი მართალია, ასეთი ცხოველი სიმბოლოურად თავის თავში სამყაროს მეტაფიზიკურ განსაზღვრებას ატარებს. ფიროსმანაშვილის "ჟირაფში" ასეთი განსაზღვრების პოვნა ნამდვილად შეიძლება. ჟირაფის თვალები ისეთი ძალითაა გამოსახული, რომ მათი ყურების დროს უკვე გავიწყდებათ, რომ თქვენ წინაშე უბრალოდ ცხოველია და ლამის მისტიკური შიში გიპყრობთ. ასეთივე სიძლიერითაა დახატული მისი "ირემი". "ირემი" თითქოს თიხისაა, მაგრამ ისეთი თვალები აქვს, რომ მისი სიმკვირცხლე ეჭვს არ იწვევს. კარგია "ქეიფი ბალახზე" ის სამი ფიგურა "ორთაჭალის თბილისის" მთელი პოემაა. ისე ძლიერად იგრძნობა მათში "ადგილობრივი" არომატი. ძალიან კარგი ნახატებია მხარზე მტრედებიანი ორი ქალის ფიგურა. აქაც ორთაჭალის თავისებური კოლორიტულობა იგრძნობა. ფიროსმანაშვილის "ნატურე-მორტე" კი პირდაპირ შედევრია და მხოლოდ შემიძლია აქ იმ ერთი მხატვრის სიტყვები მოვიყვანო, რომელიც ჩემთან ერთად ათვალიერებდა გამოფენას - "ეს ნამუშევარი სეზანსაც პატივს დაადებდა".
ასეთია ფიროსმანი. მისი ბედი ყველასთვის უცნობია. ამბობენ, გალოთდა და კახეთში გარდაიცვალაო, მაგრამ მართალია თუ არა, უცნობია. ილია ზდანევიჩმა დიდი საქმე გააკეთა. ახლა ქართველი საზოგადოების ჯერი დადგა. მან მთლიანად უნდა შეაგროვოს ფიროსმანაშვილი და მას განსაკუთრებული ადგილი დაუთმოს ქართულ მუზეუმში" - ასეთი ყოფილა გრიგოლ რობაქიძის პირველი რეაქცია ნიკო ფიროსმანის ნახატების იმ ერთდღიან გამოფენაზე, შემდეგ ამ წერილის დაწერა რომ შთააგონა