(რეზონანსი) ბაკურიანში, დიდველის საბაგირო გაჩერებულია, ათობით მგზავრი დაახლოებით საათნახევარია, დახმარებას ელოდება.
„საათნახევარია, ჰაერში ვართ. აქ მცირეწლოვანი ბავშვები არიან, ძალიან უჭირთ გაჩერება. არც მაშველები ჩანან. წლებია, ეს პრობლემაა და გაუგებარია, რატომ ვერ ხერხდება გენერატორის შეძენა," - ამბობსერთ-ერთმა დამსვენებელი.
დამსვენებლების ინფორმაციით, ხალხის ნაწილი გონდოლებშია დარჩენილი და ჩამოსვლას ვერ ახერხებს, ნაწილი კი, ვინც გონდოლებიდან გადმოსვლა მოახერხა, ბაკურიანში ფეხით მიემართება. მათივე თქმით, საბაგიროს ადმინისტრაციიდან დახმარება ამ დრომდე არ ჩანს.
როგორც მთის კურორტების კომპანიაში აცხადებენ, საბაგიროს გაჩერების მიზეზი "ენერგოპრო ჯორჯიას" მიერ დენის ავარიული გათიშვაა. რაც შეეხება გენერატორს, კომპანიაში ამბობენ, რომ გენერატორი აქვთ, თუმცა ავარიული გათიშვის დროს, ტექნიკურად მისი ჩართვა ვერ ხერხდება.
ჯერჯერობით უცნობია საბაგიროების ჩასართავათ ელექტროენერგიის მიწოდება როდის აღდგება.