(რეზონანსი) პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საჭიროდ არ მიიჩნევს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე რუსეთისადმი მიმართვის საკითხზე პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე მივიდეს.
ქაცარავამ ხაზი გაუსვა, რომ ბორჯომის ხეობაში არსებული ხანძრის დროს თბილისმა დახმარებისთვის მიმართა ყველას, მათ შორის, პირველ რიგში, საერთაშორისო ორგანიზაციებს.
"როგორც მოგეხსენებათ, ბორჯომის ხეობაში კონკრეტული ვითარების დროს საქართველოს მხარემ დახმარებისთვის ყველას მიმართა, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამოყენებულ საერთაშორისო ფორმატები იქნა. ეს ევროკავშირი, ნატო და გაეროა. ასევე საქართველოს მხარემ მეზობელ სახელმწიფოებს მიმართა და აბაშიძე-კარასინის ფორმატში ამასთან დაკავშირებით საუბარი შედგა. იცით, რომ ზურაბ აბაშიძემ ამაზე დეტალური განმარტება გააკეთა. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან დახმარების საჭიროება, როგორც იცით, დღის წესრიგში აღარ დადგა. რადგან ხელისუფლების ძალიან კოორდინირებული, ოპერატიული, ეფექტური მუშაობის შედეგად კატასტროფა თავიდან ავიცილეთ", - ამბობს ქაცარავა.
კითხვაზე, თუკი აბაშიძესა და კარასინს შორის საუბარი შედგა, ხელისუფლებამ ეს ფაქტი მოსახლეობას რატომ დაუმალა, ქაცარავამ განმარტა, რომ "არავის არაფერი დაუმალავს და ამაზე ზურაბ აბაშიძემ დეტალური განმარტება გააკეთა".
როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობა" რუსეთისთვის დახმარების თხოვნის გამო, მთავრობის შესაბამის წევრებს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს.