ქართველ ემიგრანტ ქალებზე, მათ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, გავიხსენოთ პარიზში მოღვაწე ქართველი მხატვარი ვერა ფაღავა, რომელმაც, როგორც ავანგარდისტმა მხატვარმა, ახალი სიტყვა თქვა ამ სფეროში, თანაც იმ ქალაქში, სადაც მეოცე საუკუნის დასაწყისში თითქმის ყველა მხატვრული ექსპერიმენტი უკვე ჩატარებული იყო.
"ვერა ფაღავა ხელოვანია, გასაკვირი ნიჭიერებით. მისი სურათები მარტივია. იგი წარმოშობით ქართველია, მაგრამ უკვე მრავალი წელია, პარიზშია დაფუძნებული. ნიშანი მისი შემოქმედებისა სადაა, სინათლე ხაზების, სიფაქიზე ფერების, ერთსა და იმავე დროს ადამიანურიც და განყენებულიც. აქვს სხვა გზნება, სხვა ძლიერება, ვიდრე დღევანდელი მხატვრების დანარჩენ უმრავლესობას", - წერდა პარიზში გამომავალი ჟურნალი "ბედი ქართლისა" 1954 წელს.
ეს მგზნებარე და ძლიერი მხატვარი საქართველოში დაიბადა. მისი ბაბუა მექი ფაღავა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ხელმძღვანელი იყო. ბებია დარია ფაღავა - "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟი ქალების ხატვისას მიხაი ზიჩის მუზა.
მშობლებს განათლება უცხოეთში ჰქონდათ მიღებული. მამამ გერმანიაში დაამთავრა იურიდიული და მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დიპლომატიურ სამსახურში იყო ირანში. თბილისში დაბრუნების შემდეგ მალევე მოუწია საზღვარგარეთ გამგზავრება ოჯახთან ერთად, ახლა უკვე სამუდამოდ. ასე აღმოჩნდა 12 წლის ვერა ფაღავა პარიზში, გარეუბან მონრუჟში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და სახელოსნოც იქვე ჰქონდა.
ხატვა დეკორატიულ ხელოვნებათა სკოლაში დაიწყო, მისი პირველი პედაგოგი იმ დროისათვის პოპულარული მხატვარი და სკულპტორი ანდრე ლიოტი იყო. შემდეგ სწავლა განაგრძო ხელოვნებისა და რეკლამის სახელოსნოში. 1934-1939 წლებში რონსონის აკადემიაში როჟე ბისიესთან სწავლობდა. როგორც მისი ბიოგრაფები წერენ, სწორედ ბისიეს გავლენით იყო, რომ მოგვიანებით ეკლესიის ვიტრაჟების ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად იქცა.
პარიზში ქართველი მხატვრის პერსონალური გამოფენა რამდენჯერმე მოეწყო, მაგრამ 30-იან წლებში ფინანსურმა კრიზისმა ფაღავების ოჯახი მნიშვნელოვნად დააზარალა. თავი რომ გაეტანა, ტექსტილზე დაიწყო მუშაობა, თანაც ქსოვდა; ასევე მელინ მონტანისა და ავე მარიას ქუჩებზე საბავშვო ბაღებისთვის მონუმენტურ-დეკორტიულ პანოებს ქმნიდა; ვიტრაჟები გააკეთა დიჟონის სენტ-ჟოზეფის ეკლესიისთვის; მხატვრულად გააფორმა ტერეზა ავიველის, პიერ ლეკიურის ლექსების კრებული.
მისი შემოქმედების მწვერვალი კი იყო 1958 წელი, ბრიუსელში გამართული გამოფენა, რომელშიც მხოლოდ სამი ქალი - ფრანგი, შოტლანდიელი და ქართველი მონაწილეობდა. რომის პაპმა იოანემ ვერა ფაღავას სურათისთვის "ამაღლება" ოქროს მედალი გადასცა. ეს იყო უზარმაზარი მოცლობის კომპოზიცია, რომელიც პარიზიდან ბრიუსელში ნაწილ-ნაწილ დაშლილი ჩაიტანეს. სურათი ერთ-ერთი ტაძრის შესასვლელს ამშვენებდა.
დღეს ხეზე შესრულებული ფრესკა-პანო "ამაღლება", რომელიც მსოფლიო გამოფენისთვის იყო შეკვეთილი, პარიზში - გალერეა "დარიალში" ინახება და სამომავლოდ ვატიკანს გადაეცემა.
1966 წელს ვენეციის 33-ე ბიენალეზე საფრანგეთს ვერა ფაღავა წარმოადგენდა. მის ნამუშევრებს ცალკე პავილიონი ჰქონდა დათმობილი. მხატვრის მოძრავი რეტროსპექტივა კი მოგზაურობს დიჟონის, ტრუას, ბოვეს, რეიმსის, მონრუჟის ხელოვნების მუზეუმებში. გამოფენები იმართება პარიზში, ბერლინში, ნიუ იორკში, რომში, ტურინში, ბრიუსელში, ვენაში.
1972 წელს აბსტრაქციონისტ ვერა ფაღავას გამოფენით გაიხსნა პარიზში გალერეა "დარიალი", რომლის მფლობელიც იყო ქართველი ემიგრანტი თამარ წულაძე. ბავშვობის წლებიდან დაწყებული მეგობრობა ვერასა და თამარს შორის თანამშრომლობაში გადაიზარდა. სწორედ ამ გალერეაში მთელი 25 წლის განმავლობაში გამოფენილი იყო "ლირიკული აბსტრაქციონისტის"- ვერა ფაღავას ნამუშევრები.
მხატვრის ნახატების დიდი ნაწილი კერძო კოლექციებში გერმანიასა და შვეიცარიაში ინახება. 15 ნახატი საფრანგეთის ქალაქ დიჟონშია, რამდენიმე კი - გრენობლის ხელოვნების მუზეუმში, ასევე პარიზის პომპადურის ცენტრის კოლექციებში.
საქართველოში ვერა ფაღავას სურათების გამოფენა 2012 წელს თბილისის ეროვნულ გალერეაში გაიმართა.
ასეთი მემკვიდრეობა დაუტოვა საფრანგეთს ქართველმა მხატვარმა, რომელიც ადამიანში მხოლოდ მის შინაგან სილამაზეს ეძებდა, ნახატს არ მიჰყიდდა, თუ მისი ბუნებით არ მოიხიბლებოდა. მეგობრები ცოტა ჰყავდა. მხოლოდ ქართულად საუბრობდა. მის სახელოსნოში თავს იყრიდნენ მხოლოდ რამდენიმე ფრანგი მხატვარი და ქართველი ემიგრანტი, რომლებიც პარიზში ჩასვლისთანავე გაიცნო და სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა.