შაჰ-აბასის საქართველოში ლაშქრობები სისასტიკითა და დაუნდობლობითაა ხელდასხმული. ეს ყველაფერი დღემდე მოუშუშებელ ტკივილად რჩება ჩვენს სამშობლოს. ფერეიდანში გადასახლებული 200 ათასი ქართველი, დღემდე რომ სათუთად ინახავს ქართულ გენსა და ენას, სწორედ ამის დასტურია.
როგორ იქარგებოდა სეფიანთა იდეოლოგია
აბასის მმართველობისას არის მცდელობა, მთლიანად მოისპოს ის კულტუროლოგიური ფესვები, რასაც ქართული ცნობიერება ემყარება. ამას ემსახურება კონსტანტინე მირზას საგანგებო მისია 1605 წელს გრემში, რაც მეფე ალექსანდრესა და გიორგი ბატონიშვილის უსასტიკესი მკვლელობით მთავრდება. ყველაზე მტკივნეული კი ისაა, რომ მკვლელი კონსტანტინე ერთი მოკლულისთვის შვილია, მეორისთვის - ძმა.
ეთნოფსიქოლოგიური სურათის შეცვლის მცდელობას ისახავს მიზნად იმავე კონსტანტინეს მიერ საკუთარი ძმის ცოლის - ქეთევან დედოფლისთვის ცოლობის შეთავაზება, რაც მაჰმადიანური წესით სრულიად ბუნებრივი ქმედებაა, ქართველთათვის კი - უზნეობა.
ეს ის მექანიზმებია, რასაც სეფიანები საქართველოს წინააღმდეგ იდეოლოგიური ბრძოლისთვის იყენებენ. სწორედ ამ პრიზმიდანაა საინტერესო ის კულუარები, სადაც სეფიანთა მრისხანე პოლიტიკური დოქტრინა იქარგება. ისპაჰანის სასახლის კულუარები, ფაქტობრივად, ნათლად წარმოაჩენენ იმ უსასტიკეს დრამატულ ფრაგმენტებს, რაც ირანის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მრავალწახნაგოვანი და რთული ხასიათის გარკვევაში გვეხმარება.
როგორ მოიპოვეს კავკასიელებმა გავლენა სეფიანთა ირანის კარზე
სეფიანები ირანის სათავეში მეთექვსმეტე საუკუნიდან მოდიან ქართველების დახმარებით. ისინი ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან. ბუნებრივია, დიდი სახელმწიფოს მართვისთვის საჭიროა ლეგიტიმაცია, სწორედ ამიტომ, ერთი მხრივ, საკუთარ თავს მოიაზრებენ როგორც მოციქულ მუჰამედის, მეორე მხრივ - სასანიანთა შთამომავლებად.
ეს ორმხრივი პოლიტიკური და რელიგიური განაცხადი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ირანში დამკვიდრების თვალსაზრისით. პირველი სეფიანების, იგივე ყიზილბაშების (ეს სახელი მათ შერჩათ წითელი თავსაფრის ტარების გამო), დასაყრდენი სამხედრო თვალსაზრისით თურქული ტომები იყვნენ, ქვეყანას კი სპარსული წარმომავლობის ბიუროკრატია მართავდა.
მეთექვსმეტე საუკუნის 90-იანი წლებიდან იცვლება პოლიტიკური ბალანსი - შაჰ-აბას პირველი თანდათან დევნის ყიზილბაშურ ელემენტებს სამხედრო სფეროდან და მათ ადგილას კავკასიური წარმომავლობის ხალხების დაწინაურებას უწყობს ხელს. კავკასიელები დაწინაურებულნი არიან არა მარტო სეფიანთა არმიაში, არამედ სამეფო კარზეც, შაჰის ადმინისტრაციაში.
ბუნებრივია, ამ შიდა პოლიტიკურ პროცესებს ირანელთათვის დამახასიათებელი ეთნოფსიქოლოგიური განწყობა ახლავს თან - ინტრიგები, მზაკვრული ჩანაფიქრები ხშირად უსასტიკეს რეალობად გარდაისახება. ამიტომაც აქ ჩვეულებრივი ამბავია შაჰის გუნება-განწყობაზე აგებული პოლიტიკური ქაოსი, რისი შემადგენელი ნაწილიცაა შვილის მიერ მამის და მამის მიერ შვილის მკვლელობა, თანაც უსასტიკესი ფორმებითა და მეთოდებით.
რატომ აითვალწუნა შაჰ-აბასმა უფროსი შვილი
შაჰ-აბასის ცხოვრებაში უმძიმესი ეპიზოდია მისივე ბრძანებით უფროსი შვილის - სეფი მირზას მკვლელობა, არადა, შვილს აბასისთვის არანაირი ეჭვის საბაბი არ მიუცია, პირიქით...
ეს 1619 წელს ხდება. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სამეფო კარის დიდებულთა ერთმა ნაწილმა, რომელთაც აბასის პოლიტიკა და მართვის მეთოდები ყელში გაეჩხირათ, ჩაიფიქრეს სახელმწიფო გადატრიალება და უფროს შვილ სეფი მირზას მისწერეს წერილი - მამაშენს გადმოვაგდებთ და ტახტზე შენ დაგსვამთო.
არ აღმოჩნდა სეფი მირზა სულსწრაფი, არ დახარბდა პირველობას. მამისადმი სიყვარულმა და პატივისცემამ გაიღვიძა მასში, აბასს ეახლა, ის ფირმანიც აჩვენა და მოსალოდნელი საფრთხის შესახებაც პირადად მოუყვა.
თითქოს ესიამოვნა აბასს შვილის ერთგულება. კაცმა რომ თქვას, მადლობის მეტი რა ეთქმოდა, მაგრამ უჩვეულოდ ააფორიაქა მომხდარმა, ძილიც გაუკრთა და მის შემდეგ სულ შეთქმულების მოლოდინში იყო. რატომღაც ფიქრობდა, რომ ძილში გამოუყვანდნენ წირვას, ჰოდა, გადაწყვიტა, რომ მოვლენებისათვის თავად დაესწრო და თავად მოეკლა საკუთარი შვილი.
განსაკუთრებით მას შემდეგ განრისხდა, როცა ვიღაცამ ვიღაცის ჭორად ნათქვამი გადასცა - სეფი მირზას ხანებთან ერთად ამ ბოლო ხანს ნამეტნავად ხშირად ხედავენო, იმასაც ამბობენ ტახტის წართმევას გიპირებსო. არც უკითხავს აბასს, ამის გაკეთება თუ უნდოდა სეფი მირზას, რატომ არ აღასრულა სურვილი პირველსავე ჯერზე და რატომ გაანდო მას შეთქმულთა განზრახვა. თუმცა აბასისთვის ლოგიკა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ პატივმოყვარეობა და ყველაფერი ამ პატივმოყვარეობას ემორჩილება.
რატომ აკრძალა აბასმა სეფი მირზას სახელის ხსენება
ერთი სიტყვით, ვერდიქტი გამოტანილია - სეფი მირზა უნდა მოკვდეს, მოკვდეს მამამისის ბრძანებით. ეს დავალება კი, აბასის აზრით, მისმა სახელოვანმა სარდალმა და ამავდროულად მისი დის ქმარმა ყორჩიღა-ხანმა უნდა აღასრულოს. დაიბარა კიდეც სარდალი აბასმა, დავალებაც გაანდო და აქ ხდება სწორედ ის, რაც ნორმალურ ადამიანურ ლოგიკას ემორჩილება.
აყორჩიღა-ხანი გაოგნებულია, იხსნის ხანჯალს და ევედრება აბასს, განზრახვაზე ხელი აიღოს. იმასაც ეუბნება - არ შევასრულებ შენს ბრძანებას, აქვე რომ მომკლაო.
ხვდება შახი, რომ ყორჩიღა ამ საქმის გამკეთებელი არაა, საცნაური კი ის არის, რომ საკუთარი სიძის საქციელი და ადამიანური განწყობა მასში ვერ აღვიძებს მამაშვილური სიყვარულის განცდას. სიძულვილი ყველაფერს ფარავს, ჰოდა, ამ საქმის აღმსრულებლადაც სხვას - ბებუთ-ბეგს უხმობს.
ბებუთისათვის შაჰის ბრძანება ალაჰის ბრძანებას უდრის, ჰოდა, წარბიც არ შეუხრია, ისე მოკლა უფლისწული.
ცოდვის კალო დატრიალდა ისპაჰანის სამეფო სასახლეში. სეფი მირზას დედა ქართველია, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მასთან აბასს, როგორც სათნო და გონიერ ქალთან და გამორჩეულადაც უყვარს. და სწორედ ეს ქალი მოსთქვამს გოდებით საკუთარ შვილს, გულს ის უფრო უკლავს, რომ დარწმუნებულია, არანაირ შეთქმულებას სეფი მირზა არ აპირებდა. ვეღარაფერი აკავებს გამწარებულ ქალს, ხელიც კი გაურტყამს შაჰისთვის ცოლს. მხოლოდ იმას უმეორებდა აბასს - რატომ მოკალი შვილი, მას ხომ ძალიან უყვარდიო.
არც აბასს აქვს პასუხი. თანდათანობით იღვიძებს მასში ადამიანური განცდები და გაოგნებული შეჰყურებს არემარეს - გაშტერებული ერთ წერტილს თვალს ვერ აცილებს. აღარ იცის, რა ქნას, ხმასაც არ იღებს, ანდა რაღა აქვს სათქმელი.
ათი დღე მჯდარა ბნელში მრისხანე სეფიანი, ათი დღის განმავლობაში არ შეშრობია ცრემლი მის თვალს. დრომ რომ გადაიარა, მსახურნიც დაიბარა და საქვეყნო ბრძანებაც გამოაცხო - აღარავის არასდროს არ უნდა ეხსენებინა სეფი მირზას სახელი, არც სიმღერები მიეძღვნათ მისთვის და არც ლექსები. ეს იმიტომ, რომ ისევ საკუთარ თავს მოუფრთხილდა, აღარ სურდა, იმ ნაიარევს შეხებოდა, მისი ქართველი მეუღლის, სეფი მირზას დედის, გოდებამ რომ დაუტოვა.
ემოციას ვინმე რომ არ აჰყოლოდა და აბასისთვის ეს ამბავი არ შეეხსენებინა, გამოსავალიც იოლი ნახა - სეფი მირზას სახელის ხსენება დანაშაულთა ნუსხაში ჩაწერა. მაგრამ არც ეს აღმოჩნდა შვება სეფიანისთვის, ადამიანურ განცდებს ვერ ელევა და მამაშვილური სიყვარულიც მუდმივად ახსენებს თავს. ჰოდა, სწორედ აქ მოაგონდა აბასს ის ბებუთ-ბეგი, მისი ბრძანება რომ პირნათლად აღასრულა.
როგორ გადაუხადა აბასმა შვილის მკვლელს სამაგიერო
დაიბარა ბებუთი და მოსთხოვა, საკუთარი შვილიც მოეკლა ისე, როგორც აბასს მოუკლა სეფი-მირზა. ბრძანების აღსრულება ტოტალიტარულ სამყაროშიც კი ზოგჯერ დანაშაულის ტოლფასია და სწორედ ამ დანაშაულისთვის უნდა აგოს პასუხი ბებუთმა. მონურ ფსიქოლოგიას ვერ სძლია შვილის სიყვარულმა და ბებუთმა მეორედაც აღასრულა აბასის ბრძანება - მოკლა საკუთარი შვილი.
დაოკდა შაჰი, მიუტრიალდა ჯალათს და მხოლოდ ის ჰკითხა - ხომ გრძნობ, რას განვიცდიდი, როცა შვილს მიკლავდიო.
ერთი ტრაგედია ვერ აღმოჩნდა აბასისათვის ჭკუის სასწავლებელი. გავა ხანი და კიდევ ორ საკუთარ შვილს დასთხრის თვალებს, სამაგიეროდ, ცივ ნიავს არ აკარებს მოკლული სეფი მირზას შვილ საამ მირზას. ახლა უკვე იოლად აცნობიერებს, რომ უკვდავი არაა და არც ცას გამოეკერება, ამიტომაც ტახტის მემკვიდრეზე ზრუნავს.
მისი ფავორიტი სწორედ საამ მირზაა, მისი შვილიშვილი. ეს ერთგვარად ცოდვების გამოსყიდვაცაა და ჭკუანასწავლი შაჰის ფიქრებიც.
რატომ ანდო ანდერძის აღსრულება შაჰ აბასმა ლუარსაბ პირველის შვილიშვილს
აბასის ანდერძი ყველამ იცის, მისი ფავორიტიც ყველასთვის ცნობილია, მაგრამ არ არის ია-ვარდებით მოფენილი შაჰის ტახტისკენ მიმავალი გზა და ეს ყველაზე კარგად აბასმა უწყის, ამიტომაც ცდილობს, რომ მისი ანდერძი შესაბამისი პოლიტიკური ძალითაც იყოს განმტკიცებული.
აყველაზე საიმედო ძალა კი აბასისათვის ყურალაღასი ხოსრო მირზაა, სახელოვანი ქართველი მეფის - ლუარსაბ პირველის შვილიშვილი. სწორედ ხოსროს მამას ეკუთვნის საქვეყნოდ ცნობილი სამედიცინო წიგნი "იადგარ დაუდი", სწორედ ხოსრო მირზაზე აკეთებს აქცენტს ირანის შაჰის კარი. ქართველ ბაგრატიონებთან დასაპირისპირებლად აბასს სწორედაც რომ ბაგრატიონი სჭირდება. შაჰის ნდობას კი ის ერთგულად ამტკიცებს ისპაჰანის ტარუღის რანგში. არ არის იოლი ასეთი მნიშვნელოვანი ქალაქის გაძღოლა, თანაც მრავალწახნაგოვანი პოლიტიკური პროცესებისას მუდმივად აქტიურ ფორმაში და მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნა.
მან ეს მოახერხა და სწორედ ამიტომაც ისპაჰანის ტარუღი ირანის ყურალაღასი ხდება. მის დაქვემდებარებაშია შაჰის საუკეთესო არმია, რომლის ძირითად ბირთვს კავკასიელები შეადგენენ. ეს ის ძალაა, რომლის დანახვაზეც ირანში აბასის მოწინააღმდეგენი კი არა, გარეშე მტრებიც კი ძრწიან. ჰოდა, სწორედ ამიტომაც ეიმედება აბასს ხოსრო-მირზასი.
1629 წელს აბასი გარდაიცვალა. საამ მირზა ამ დროს 17 წლისაა, ხოსრო მირზა მიჰყვება კვალში ირანის შაჰის ტახტისკენ მიმავალ საამს. დიდებულთა წინაშე მან წაიკითხა აბასის ანდერძი და ირანს ახალი მბრძანებლის ვინაობაც ამცნო.
ოღონდ არის ერთი პირობა - ტახტზე საამ მირზა მამამისის - სეფის სახელით უნდა ავიდეს. ესეც აბასის სურვილია, როგორც ჩანს, სწორედ ასე ფიქრობს საკუთარი შვილის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამოსყიდვას.
როგორ იწყებოდა ირანული მძვინვარების აპოგეა
1629 წელს დაიკავა მრისხანე შაჰ-აბასის ტახტი მისმა შვილიშვილმა სეფი მირზამ. შაჰ სეფიც ბაბუამისს არ ჩამორჩა სისასტიკეში და ტახტზე ასვლისთანავე თვალები დასთხარა საკუთარ ძმას. უჩინო უფლისწული ჯერ ალამუთის ციხეში აბასის მიერ თვალებდათხრილ უფლისწულებთან გამოამწყვდია, მერე კი იკითხა, ამათგან, აბა, რა ხეირიაო და სამივე სალი კლდიდან გადააყრევინა საკუთარ ჯალათებს.
ასე იწყება ინტრიგების ახალი ტალღა... იწყება აპოგეა მძვინვარებისა, რომლის მსგავსი, ევროპელი თანამედროვეების თქმით, არ ახსოვს ირანის ისტორიას.