მობილური ტელეფონის გამოგონებას შეიძლება, თანამედროვე ტექნიკური პროგრესის რევოლუცია ეწოდოს. მობილურ კავშირგაბულობას უდიდესი მოგება მოაქვს კორპორაციებისთვის. საკმაოდ ხელსაყრელია ასეთი ტექნოლოგია ჩვეულებრივი მომხმარებლისთვისაც, მაგრამ ნებისმიერ ტექნიკურ პროგრესს, სიკეთესთან ერთად, ახლავს უარყოფითი შედეგები. დღესდღეობით ადამიანების დიდი უმრავლესობა დროის უმეტეს ნაწილს მობილურ ტელეფონთან ატარებს. დღის განმავლობაში ეს დრო 4 საათიდან 14 საათამდეც კი მერყეობს.
მობილური უკვე დიდი ხანია, აღარ არის მხოლოდ სასაუბრო და ადამიანების კომუნიკაციის საშუალება. მას შედეგ, რაც ტელეფონს ინტერნეტთან წვდომაც აქვს, მომხმარებლების უდიდესი ნაწილი ამ აპარატზე გახდა მიჯაჭვული და დროის უმეტეს ნაწილს მასში ცქერას უთმობს.
ბინგემტონის უნივერსიტეტის მკვლევარები თვლიან, რომ მსგავსი დამოკიდებულება დროთა განმავლობაში უარესდება. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 182 კოლეჯის სტუდენტი. მას, ვინც საჭიროზე დიდი დოზით იყო სმარტფონზე დამოკიდებული, აღენიშნებოდა პიროვნული და სოციალური პრობლემები. ამასთან, გამოვლინდა დეპრესიისა და შფოთვის ნიშნებიც.
მობილურზე დამოკიდებულება მამაკაცებთან შედარებით ქალბატონებში უფრო მაღალი იყო. ისინი ვერ თიშავდნენ ტელეფონს, სისტემატურად ამოწმებდნენ აპარატს, ტელეფონზე უარს სააბაზანოშიც კი არ ამბობდნენ.
სხვა სამეცნიერო ნაშრომში ვკითხულობთ, რომ მობილურის გავლენის ქვეშ ყველაზე ხშირად 18-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. მათგან 77% რამდენიმე წუთითაც ვერ შორდება მობილურს.
დამტკიცებულია, რომ ელექტრომაგნიტური ტალღები ადამიანის ორგანიზმში იწვევს ცვლილებებს უჯრედულ დონეზე. ადამიანის ჯანმრთელობისთვის რა საშიშროება მოაქვს მობილურ ტელეფონებს?
საფრთხე, პირველ რიგში, დაკავშირებულია ტელეფონის ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედებაზე ტვინში ელექტრულ პროცესებზე. ტვინის ნერვული უჯრედები წარმოქმნის რთულ ელექტრულ ქსელს. ტელეფონის ველის ზემოქმედებით ამ ქსელზე ხდება ტვინის უჯრედების აქტიურობის დარღვევა, რაც იწვევს: ჰიპერტონიას, არითმიას, წყლულოვან დაავადებებს, მეხსიერების დაქვეითებას, ხშირ თავის ტკივილს, ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, ყურადღების დაქვეითებას, გულფიცხობას, სტრესის მიმართ დაბალ გამძლეობას, ეპილეფსიურ რეაქციებს, გონებრივი და შემეცნებითი უნარის დაქვეითებას.
მობილური ტელეფონების გამოყენებასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება შემდეგ დავადებათა რისკი: ბავშვთა ლევკემია, კატარაქტა და თვალის სხვა დაავადებანი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ლეიკოზი, ტვინის სიმსივნე, მკერდის კიბო, პირის ღრუს კიბო, ალცჰაიმერის დაავადება, გულსისხლძარღვთა დაავადებები.
ნია აბზიანიძე აღიარებს, რომ მისი მობილურზე დამოკიდებულება ახლობლებისათვის შემაშფოთებელია. მან იცის, რომ ზედმეტ დროს უთმობს თანამედროვე კავშირგაბმულობის სისტემებს, თუმცა ამ მიჯაჭვულობას ვერაფერს უხერხებს.
"დაახლოებით 15 წლის წინ, როცა პირველი მობილური ტელეფონი შევიძინე, დღეში დაახლოებით 40 წუთს ვანდომებდი საუბარს და მიწერ-მოწერას. დროსთან ერთად, მობილურის ფუნქციებიც შეიცვალა და ახლა უკვე მთელ დღეს ამ აპარატს ჩავცქერი. ძილის დრო რომ გამოვაკლოთ, 24 საათიდან სხვა ნებისმიერ დროს, თან საქმეს ვაკეთებ და თან მობილური მიჭირავს ხელში: საჭესთან, როგორც კი წითელი შუქი ინთება, სამსახურში სამუშაო პროცესში და თათბირზეც კი, როცა ამის დრო მეძლევა. სოციალური ქსელები, ახალი ამბების საიტები და სხვა ყველა ინფორმაცია ერთადაა თავმოყრილი.
წინა თვეში, მეგობრები სოფელ ჯუთაში ვიყავით, სადაც მობილური არ იჭერს. თავიდან თითქოს ძალიან კარგი იყო - ლამაზი ბუნება, სუფთა ჰაერი, სიგრილე და უახლოესი მეგობრები, მაგრამ დაახლოებით 1 საათის შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც მაკლდა, ძალიან მნიშვნელოვანი და მთელი დღის განმავლობაში 15 წუთის ინტერვალით ვამოწმებდი, ტელეფონს მიღება ხომ არ დაუბრუნდა. ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს ზარს ან "ესემესს" ველოდებოდი, უბრალოდ, ასე მგონია, გარე სამყაროსთან წვდომას ვკარგავ, როცა მობილური არ მაქვს ხელში. მეგობრები ძალიან შეშფოთდნენ ამ ამბით, მით უფრო - ოჯახის. პრინციპში მეც ვიცი, რომ ზედმეტად მიჯაჭვული ვარ, მაგრამ რა ვქნა, აღარ შემიძლია სხვაგვარად. თანაც არ მგონია, ეს სხვა პრობლემას მიქმნიდეს, თუ არ ჩავთვლით, რომ ბევრ დროს ვკარგავ", - უთხრა "რეზონანსს" ნია აბზიანიძემ.
ჯაბა ჩანქსელიანი სტუდენტია. იგი ლექციების დროსაც კი ახერხებს, რომ მობილურისთვის მოიცალოს, თუნდაც - რამდენიმე წუთით. თექნიკაზე დამოკიდებულება რომ ცუდია, იცის, მაგრამ, მისი აზრით, 21-ე საუკუნეში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არა - მნიშვნელოვანი პრობლემა.
"მობილურისათვის დროის დათმობას ყველგან ვახერხებ: ლექციაზე, სუფრაზე, საჭეთან, მეგობრებთან საუბრისას, სტადიონზე ყოფნისას და ტაძარშიც კი. რამდენიმე წუთით რომ გადავავლებ თვალს სიახლეებს, საიტებს ან სოციალურ ქსელს, ამით ცნობისმოყვარეობას ვიკმაყოფილებ. ვიცი, რომ ცუდია, რამეზე მიჯაჭვული იყო, მით უფრო - ტექნიკაზე, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ მგონია, ბოლოს და ბოლოს ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ. იმდენი ფუნქცია და შესაძლებლობა აქვს ტელეფონს, რომ არც არის გასაკვირი, ხალხი ამდენ დროს რომ უთმობს.
ყველაფერი ამ პატარა მოწყობილობაშია. ვრეკავ, ვმესიჯობ, სიციალური ქსელებით ვსარგებლობ, სპორტულ თამაშებს ვუყურებ და სერიალი, "სამეფო კარის თამაშებიც" კი მობილურში მაქვს ნანახი. გადაბმულად არა, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში რომ შევკრიბო, 10 საათს მიანც ვუთმობ მობილურს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ჯაბა ჩანქსელიანმა.
რას ფიქრობს ხალხი
თეო ჩხიტუნიძე, 27 წლის: "ვერ ვიტყვი, რომ შემაშფოთებლად დიდ დროს ვატარებ მობილურთან. დღეში, ალბათ, 3-4 სააათი. ჩემი მშობლები თვლიან, რომ ეს დიდი დროა, მაგრამ ყველაფერი შედარებითია და ჩემ ირგვლივ, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ცოტა დროს მე ვუთმობ ამ აპარატს. ვხედავ, რომ ეს ამ საუკუნის ყველაზე დიდი პრობლემაა. ხშირად ახლობლებისათვისაც აღარ გრჩება დრო."
ბესო დოლიძე, 35 წლის: "სულ ვთვლიდი, რომ მობილურზე დამოკიდებული არ ვარ. უფრო სწორად, სმარტფონზე, რომელსაც ინტერნეტთან აქვს წვდომა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, ჩემმა შვილმა შემთხვევით გამიტეხა მობილური და ვიფიქრე, სანამ თანხას შევაგროვებდი, განვადებით არ ვისარგებლებდი. ძველ მობილურს ვიყენებდი, რომელიც ჩვეულებრივად მუშაობდა. ასე 4 დღეც კი ვერ გავძელი. მივხვდი, რომ სულ რაღაც მაკლდა და თავი ინფორმაციულ ვაკუუმში მეგონა".
მაკა ხუციშვილი, 18 წლის: "ზუსტად არ ვიცი, რამდენ საათსაც ვუთმობ მობილურს, მაგრამ არ შემიძლია მის გარეშე, ვიცი. ყოფილა შემთხვევა, ღამე სტატუსი დამიწერია სოციალურ ქსელში და გამღვიძებია, რომ შემემოწმებინა რა გამოხმაურება მოჰყვა. დედაჩემის აზრით, ეს ავადმყოფობაა, გამორთული მობილურის დატოვებაც კი საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს. მჯერა, რომ ასეა, მაგრამ რადგან ეს შეუმჩნეველი პროცესია, ვერ ვგრძნობ და ამიტომ არ ვითვალისწინებ".
ნანი ბუჩუკური, 46 წლის: "საქართველოში პირველად მობილურის შემოსვლას მოვესწარი და იმ დროს იმდენად ძვირი იყო საუბარი, დღეში, ალბათ, 15 წუთსაც კი არ ვატარებდით მასთან. ახლა მომსახურებაც იაფია და მობილურიც მრავალფუნქციური. ჩემს შვილებს ვუშლი, სულ მობილურს ნუ ჩასჩერებიხართ-მეთქი და ამ დროს მეც დამოკიდებული ვარ მასზე."