1957 წელს მოსკოვის კინემატოგრაფისტთა წრეში დიდი აჟიოტაჟი ატყდა, მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი "მიფრინავენ წეროები" კომისიამ, რომლსაც პირადად ნიკიტა ხრუშჩოვი ხელმძღვანელობდა, დაიწუნა. ცეკას რომელიღაც მდივანს პირდაპირ უთქვამს - როგორ შეიძლება, ჩვენი დიდი სამამულო ომის თემაზე გადაღებული ფილმის მთავარი გმირი იყოს ქალი, რომელიც ფრონტზე დაღუპულ გმირ ჯარისკაცს არ დაელოდაო. ფილმი არც მოსკოვის კინემატოგრაფისტთა წრეში მიიღეს, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად მოსკოვში ჩავიდა კანის ფესტივალის შემრჩევი კომისია და "მიფრინავენ წეროები" მსოფლიოს საუკეთესო კინოფილმების კონკურსში ჩართო.
საბჭოთა კავშირში ფილმი ეკრანებზე მაინც არ დაუშვეს, მხოლოდ ერთხელ, ისიც მოსკოვში, კინოთეატრ "უდარნიკში" აჩვენეს, თუმცა, უცხოელი კინოკრიტიკოსების მოთხოვნით, იძულებელი გახდნენ, ფილმი კანის ფესტივალზე გაეშვათ. ფილმის რეჟისორზე კი გამოაცხადეს, შეუძლოდ არის, ინფარქტი აქვს და ფესტივალზე ვერ გაემგზავრებაო. არადა, კალატოზიშვილი თავს მშვენივრად გრძნობდა, მაგრამ ასეთი იყო საბჭოთა პარტიული ელიტის ნება.
ფილმს კანის ფესტივალზე დიდი წარმატება ხვდა, "მიფრინავენ წეროები" კანის ფესტივალის მთავარი "ოქროს პალმის რტოს" პრიზიორი გახდა. მოსკოვში ფილმის რეჟისორ მიხეილ კალატოზიშვილის სანახავად კანის ფესტივალის თავმჯდომარე ჩავიდა და რეჟისორს პირადად გადასცა პრიზი "ოქროს პალმა". ფილმი ყველა დროის საუკეთესო ფილმად აღიარეს. მიხეილ კალატოზიშვილზე და მის ფილმზე აღფრთოვანებით წერდნენ ყველაზე სახელოვანი კრიტიკოსები და ცნობილი ხელოვანები პიკასო, სარტირი, რომლებიც რეჟისორის შემოქმედებას ჩაპლინის, უელსის, რენუარის, ვოგოს შედევრებს ადარებდნენ.
აკრძალვა და შემდეგ წარმატება კალატოზიშვილის ფილმების თანმდევი იყო; ყველაფერი კი შორეული 30-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც 26 წლის რეჟისორმა "ჯიმ შვანთე" გადაიღო. როგორც კინოკრიტიკოსი ეთერ ოკუჯავა წერს, "ჯიმ შვანთემ" მრავალმხრივ განსაზღვრა არა მხოლოდ მიხეილ კალატოზიშვილის შემოქმედება, არამედ 30-იანი წლების კინოესთეტიკა, რომელიც იმხანად მხოლოდ იბადებოდა.
1930 წელს გადაღებული "ჯიმ შვანთე" - "მარილი სვანეთს" დოკუმენტურ ფილმთა შორის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად არის აღიარებული. ფრანგი მკვლევარი ჟორჟ სადული წერდა, რომ "შესანიშნავად გადაღებულმა "ჯიმ შვანთემ" კალატოზიშვილის ტალანტი გახსნა". ეს ფილმიც აკრძალა ცენზურამ, რეაბილიტაცია მხოლოდ გასული საუკუნის 60-იან წლებში მოხდა. 1961 წლის მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამართულ რეტროსპექტივაში სახელწოდებით "ფილმები, რომლებიც არ გინახავთ", აჩვენეს "ჯიმ შვანთე".
1993 წელს, კალატოზიშვილის სხვა ფილმებთან ერთად, "ჯიმ შვანთე" წარდგენილი იყო აშშ-ში თელურაიდის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე. 2011 წელს კი კალატოზიშვილის საქართველოში გადაღებული ორი ფილმი, "ჯიმ შვანთე" და "ლურსმანი ჩექმაში", რომელიც საბჭოთა მმართველობის დროს ეკრანზე არავის უნახავს, იტალიის ქალაქ პროდენენოში უცხო ფილმების ფესტივალის პროგრამაში იყო ჩართული.
ფორმალიზმის ბრალდებით იკრძალებოდა კალატოზიშვილის "ქართული შედევრები", ცოტახნით დააპატიმრეს კიდეც, რის შემდეგაც მოსკოვში გადაიხვეწა. მოსკოვში უყვარდათ, მაგრამ ეიზენშტეინის, დოვჟენკოს, პოდოვკინის გვერდით არასდროს უხსენებიათ, არასდროს უღიარებიათ დიდ რეჟისორად, მაშინ როცა ფრენსის ფორდ კოპოლა, მარტინ კორსეზე კალატოზოვის "დაუმთავრებელი წერილების" და "მე-კუბას" ასლებს ყიდულობდნენ, ამერიკის კინოს სკოლებში კი მის ფილმებზე რეჟისორისა და ოპერატორის ხელოვნებას ასწავლიდნენ. 1943-1945 წლებში აშშ-ში საბჭოთა კინოკომიტეტის წარმომადგენელი, რომლის მოვალეობაში საბჭოოთა კინოს პროპაგანდა შედიოდა, გამალებით არჩევდა საბჭოთა კავშირში საჩვენებელ კინოფილმებს. სწორედ მისი პირადი ჩარევით იქნა შეძენილი უაილერის "მელიები" და არჩი მეიოს "ჩარლის დეიდა".
სამშობლოდან გადახვეწილი თბილისში პირველად 1970 წელს ჩამოვიდა, გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე "წითელი კარავის" პრემიერაზე. სცენაზე რომ ავიდა და ლაპარაკი დაიწყო, პირველი პრემიერა რომში იყო, მეორე მოსკოვში და მესამე ჩემს მშობლიურ თბილისშიო, ცრემლები წამოუვიდა, ამბობდნენ მისი ნიჭის თაყვანისმცემლები, იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ კალატოზიშვილის მრავალი ფილმიდან ნახევარზე მეტი შედევრია.