ია აბულაშვილი
23.08.2017

"უწინ გლოვის დღე იყო. თანდათანობით ტრაგედიაში ცოტა სიმღერა და პოეზიაც დამკვიდრდა. აბა, სულ გლოვა და ტირილი ხომ არ შეიძლება. გულში ვტირით, სახით კი ვიღიმებით" - იტყვის  საფრანგეთში მცხოვრები ოთარ პატარიძე 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა პატივსაცემად გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რომელსაც ქართული სათვისტომო ლევილში ყოველწლიურად აღნიშნავს.

"გლოვის დღის" ტრადიციას კი შორი წარსული აქვს. 1924 წელს აგვისტოს აჯანყების ჩახშობამ და დაწყებულმა რეპრესიებმა აფაშფოთა ევროპა. 1924 წლის 11 სექტემბერს ერთა ლიგის მე-15 სხდომაზე საფრანგეთის, ბელგიის და დიდი ბრიტანეთის დელეგაციებმა შეიტანეს პროექტი, სადაც მიღებული იქნა რეზოლუცია. მეორე დღეს საქართველოს მთავრობის დელეგაციამ ერთა ლიგას ნოტა გაუგზავნა.

 24-28 სექტემბერს ლონდონში ჩატარდა ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც დაგმობილი იქნა საქართველოში აჯანყების დროს ბოლშევიკების მიერ ჩადენილი დანაშაულებები. ჟენევაში პრესის ქართული ბიურო კი უცხოურ ჟურნალ-გაზეთებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა. ბიურომ მსოფლიოს 147 წამყვან გაზეთს მოწოდება დაუგზავნა, სადაც აღწერილი იყო, როგორ ჩაახშეს ბოლშევიკებმა 1924 წლის აჯანყება. მოწოდებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, ზოგმა გაზეთმა იგი მთლიანად გადაბეჭდა, ზოგმა საქართველოს ცალკე წერილებიც კი მიუძღვნა.

1924 წელს "ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ლიგის" მდივან ალისა მენარ დორნისა და ვიცე-პრეზიდენტ ალფონს ოლარის მხარდაჭერით შეიქმნა "ადამიანის უფლებათა დაცვის ქართული სექცია", რომლის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა კონსტანტინე გვარჯალაძე.

"გლოვის დღე" პირველად პრაღის ქართველ ემიგრანტთა საზოგადოებამ აღნიშნა და აჯანყების წლისთავზე, 1925 წლის 31 აგვისტოს, კრებაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია. სტუდენტებმა აჯანყების დროს დაღუპულებს სამოქალაქო პანაშვიდი გადაუხადეს და სიტყვით გამოვიდნენ. მომდევნო წლების ღონისძიებები უკვე აქტიურად შუქდებოდა ქართულ ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებში და სწორედ ამ ინფორმაციებს ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს.

1926 წლის თებერვალში პარიზის ქართული საზოგადოების საგანგებო კრებაზე გადაწყდა, რომ აჯანყების დროს დაღუპულთა "გლოვის დღე" ყოველი წლის 29 აგვისტოს აღენიშნათ. იმავე წელს ბერლინის ქართველთა კოლონიაში აჯანყებულებისადმი მიძღვნილი კრება გაიმართა, რომელიც დავით საღინაშვილმა გახსნა. კრებაზე სიტყვა წარმოთქვა აზერბაიჯანელმა ჯაფარ-ოღლიმ. მიღებულ იქნა რეზოლუცია. კრება საქართველოს ჰიმნით დასრულდა. იმავე წლის 29 აგვისტოს, დღის სამ საათზე, პარიზის ქართულმა კოლონიამ დაღუპულებს სამოქალაქო პანაშვიდი "სოსიეტე სავანის" დარბაზში გადაუხადა. იმავე წლის 30 აგვისტოს პრაღაში გაიმართა საგანგებო კრება. ფეხზე დგომით დაღუპულებს პატივი მიაგეს, მიღებულ იქნა რეზოლუცია და კრება "დიდებით" დასრულდა. 1928 წელს საფრანგეთში გამართულ 1924 წლის აგვისტო-სექტემბერში დაღუპულთა ხსოვნის დღეზე კი სიტყვით გამოვიდნენ დავით ვაჩნაძე, შეფიცული ლელო ჩიქოვანი და სხვები. გერმანიაში გამართულ ქართველთა "გლოვის დღეს" კი კავკასიელებიც დაესწრნენ. კრებამ ნოე ჟორდანიას პარიზში წერილი გაუგზავნა.

აყველაზე მასშტაბურად ეს დღე აღინიშნა 1931 წელს პარიზში, "ალიანსე ფრანსეს" დარბაზში, სადაც მთელი ქართული კოლონიის თანდასწრებით გრიგოლ ფერაძემ აგვისტოს აჯანყების დროს დაღუპულების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. გალობდა ქართული გუნდი, შემდეგ კი გაიმართა ასოციაციის კრება, სადაც 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლმა შალვა ამირეჯიბმა და სხვა შეფიცულებმა გაიხსენეს აჯანყების ეპიზოდები. აჯანყების მე-7 წლისთავი გერმანიაში გაიმართა ქართული საზოგადოების მიერ, სადაც სიტყვით გამოვიდნენ მიხეილ ნუცუბიძე, ნიკო ნაკაშიძე, ერთაოზ რამიშვილი, აკაკი ხოშტარია, რომელიც დიდ ფინანსურ დახმარებას უწევდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაბნეულ ქართველ ემიგრანტებს.

1934 წელს პოლონეთში ქართველმა და  კავკასიურმა კოლონიებმა ერთობლივად აღნიშნეს აჯანყების 10 წლისთავი. სიტყვით გამოვიდნენ ჩრდილოკავკასიელი გორეი სუნში, აზერბაიჯანელი მირზა ბალა, უკრაინელი კოვალსკი. ბრიუსელში კი უკრაინელთა ეკლესიაში ქართულმა კოლონიამ პანაშვიდი გადაუხადა სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს. პანაშვიდს ესწრებოდნენ ყაზახეთისა და ბულგარეთის წარმომადგენლები. 1935 წელს პარიზის ქართველობამ აგვისტოს აჯანყების მე-11 წლისთავი აღნიშნა "ალიანსე ფრანსეს" დარბაზში. სიტყვით გამოვიდა შალვა ამირეჯიბი. მოგონებებით ქაქუცა ჩოლოყაშვილზე - შალვა ბერიძე. "გლოვის დღე" გაიმართა 1937 და 1938 წლების 29 აგვისტოს ბერლინში. მეორე მსოფლიო ომის დროს "გლოვის დღის" აღნიშვნა დროებით შეჩერდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×