(რეზონანსი) „პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია მიიჩნევს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი საქართველოსთვის რუსეთთან დაახლოების გზაა.
მარშანიას თქმით, საქართველომ სტიქიასთან საბრძოლველად რუსეთის დახმარება უნდა მიიღოს, რომელსაც, მისი თქმით, შთამბეჭდავი ტექნიკა აქვს. მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის უარის თქმა არც პატრიოტიზმია, არც პრინციპული პოზიცია და არც ღირსების დაცვა.
„ჩვენს ქვეყანაში უამრავი რუსი ტურისტი და რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქე შემოდის და ამ შემთხვევაში ჩვენი პრინციპულობა, ღირსების დაცვა და პატრიოტიზმი სად არის. ეგება ამ ხანძრის ერთობლივი ჩაქრობის დროს მინიმალური კონტაქტები დამყარდებოდა მაინც ამხელა უზარმაზარ მეზობელ ქვეყანასთან, რომელიც ოკუპანტია", - ამბობს მარშანია.
შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში ცეცხლი სწორედ იმ პერიმეტრზე გაჩნდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა გადაწვა.
რუსეთმა სტიქიის დასაძლევად ქართულ მხარეს თანამშრომლობა შესთავაზა, თუმცა საქართველომ სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში რუსული ძალების ჩართვაზე უარი განაცხადა.