თამარ მუკბანიანი
22.08.2017

წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში პრესის გამავრცელებლები დიდ პრობლემებს აწყდებოდნენ. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ჟურნალ-გაზეთების გამავრცელებელი ჯიხურები მასობრივად აიღეს და ამ საქმიანობისათვის მხოლოდ და მხოლოდ სტელაჟები დატოვეს, პარალელურად კი დედაქალაქის ცენტრალურ ადგილებში საგაზეთო სტენდებსაც უცხადებდნენ ბრძოლას. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ამ მხრივ ვითარება ჯერ კიდევ არ არის განმუხტული.

 მთავარი შეტევა 2010 წელს დაიწყო, როცა "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჟურნალ-გაზეთების დისტრიბუტორებს რეალიზაცია მხოლოდ სტელაჟებით უნდა მოეხდინათ და ჯიხურები აიღო. საგაზეთო სტენდებით ვაჭრობა მოუხერხებელი და სეზონურია, რადგან წვიმიან და ქარიან ამინდში ნაბეჭდი გამოცემების გაყიდვა ძნელდება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

2011 წელს თბილისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ჯიხურებისათვის, სადაც პრესის გამავრცელებლების კონკურენტები - თამბაქოს, ალკოჰოლისა და საკვები პროდუქტების ჯიხურთა მფლობელები იყვნენ. ამ გარემოებამ სატენდერო ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა და არაკონკურენტული გარემო შექმნა. 6 წლის წინ მხოლოდ ადგილების უმცირესი ნაწილი დარჩა თავისუფალი ჟურნალ-გაზეთებისათვის.

დღეს დედაქალაქში მთლიანი ბაზრის მხოლოდ 30% არის ათვისებული სადისტრიბუციო კომპანიების მიერ. 2017 წლის 31 დეკემბერს ტენდერის ვადა იწურება. ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა პრესის ჯიხურები თბილისში.

სააგენტო "პლანეტა ფორტეს" დირექტორი მერაბ ჩანჩალაშვილი ამბობს, რომ 40 წელია, ამ სფეროში მუშაობს. დიდი ძალისხმევა სჭირდება ბიზნესის განვითარებას, მაგრამ სწორედ მისმა კომპანიამ შექმნა ეს პლატფორმა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგ და გააჩინა კონკურენციის სურვილი.

"1980 წლიდან ამ სფეროში ვმუშაობ. მაშინ "პლანეტა" ნომერ პირველ მაღაზიად მიიჩნეოდა თბილისში. საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგ კი, 90-იან წლებში, პრესა, ფაქტობრივად, არსად იყიდებოდა. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, ჩამოგვეყალიბებინა ახალი ორგანიზაცია, "პლანეტა ფორტე", რომელიც მთლიანად პრესის გავრცელებით იქნებოდა დაკავებული. პირველ ეტაპზე მერიამ ხუთი ჯიხურის განთავსების უფლება მოგვცა. იმ დროს ერთადერთი ვიყავით, ვინც პრესას ავრცელებდა. გარდა ამისა, შემოგვქონდა რამდენიმე უცხოური გაზეთი. ჩვენვე ვთარგმნიდით და გამოვცემდით რუსულ გაზეთებს, რაც დღემდე გრძელდება.

ჩვენს ჯიხურებში ჟურნალ-გაზეთების მეტი არაფერი იყო, მიუხედავად შემოთავაზებებისა თამბაქოს, ალკოჰოლის და მსგავსი ბიზნესის მხრიდან, რომ მიგვექირავებინა კუთხეები. სწორედ ამის გამო ქალაქის მერიამ თვითონ შემოგვთავაზა დამატებით რამდენიმე ჯიხურის დადგმა და გვთხოვეს ჯიხურების დიზაინის შეცვლა, რაც შევასრულეთ კიდეც. დამატებით 10 ჯიხურის დადგმის ნებართვა მივიღეთ და ასე განვითარდა ჩვენი ორგანიზაცია. 2003 წლისათვის უკვე გვქონდა 123 ნებართვა, რეალურად კი მუშაობდა 80 ჯიხური. მთავარი ამ ამბავში ის იყო, რომ ჩვენი წარმატების ფონზე, ამუშავდნენ სხვა კომპანიებიც და ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნა. 2004 წელს, როცა მთავრობა შეიცვალა და ე.წ. ვარდების ხელისუფლება მოვიდა, ცოტა არ იყოს, უაზრო მოთხოვნა მივიღეთ მერიიდან, რომ ეს იყო ძველი მთავრობის დამტკიცებული ნორმები და ხელახლა უნდა აგვეღო ნებართვები. "პლანეტა ფორტემ" ეს მოთხოვნაც დააკმაყოფილა, რასაც წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა. ამის შემდეგ ჯიხურის დასადგმელი ადგილები კიდევ დაგვიმატეს, შეხედეს რა, რომ მხოლოდ პრესას ვავრცელებდით", - ამბობს მერაბ ჩანჩალაშვილი.

როფორც მან "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, პრესის გავრცელებას პრობლემები ხშირად ექმნებოდა, მაგრამ 2011 წელს მთავარი დარტყმა მიიღო ამ დარგმა, რის შემდეგაც სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანი გარემოს განცდა გაქრა.

"ჩვენი პრობლემები 2011 წლიდან დაიწყო. თუმცა იქამდეც იყო შეტევები - საგადასახადო კუთხით ხშირად გვედავებოდნენ, ასევე ჯიხურის ადგილი ხშირად იყიდებოდა და გადატანა გვიწევდა. პრესის ჯიხური დროებით ნაგებობად მიიჩნევა და მას არ ამაგრებდნენ. მიუხედავად წინაღობებისა, მაინც ვუმკლავდებოდით, თუმცა 2011 წელს განხორციელდა მთავარი დარტყმა პრესაზე და მის გავრცელებაზეც. პოლიტიკური მოტივისა და მედიასთან ბრძოლის გარდა, იყო ერთი მთავარი მომენტი ამ საკითხში - ხელისუფლებას ლატარიის ჯიხურების ჩასადგმელად ადგილების გამოთავისუფლება სურდა. მოგეხსენებათ, ამ ბიზნესს ან ლობირებდნენ ან უშუალოდ მთავრობის წევრები ფლობდნენ. ისე გამოვიდა, რომ არც უწვალიათ. საიდანაც პრესის ჯიხურები აიღეს, ზუსტად ის ადგილები მონიშნეს. ამ ჯიხურებს სახელად დაარქვეს "პრესის გავრცელება" მაშინ, როცა იქ ჟურნალ-გაზეთები მხოლოდ სიმბოლურად იყიდებოდა. ძირითადად ლატარიის გავრცელებით იყვნენ დაკავებული, დღეს კი თამბაქოს და ყავას ყიდიან.

მთავრობის შეცვლის შემდეგ ეს ჯიხურები გადავიდა "საქართველოს ფოსტის" დაქვემდებარებაში და ვიფიქრეთ, ფოსტა პრესას მეტ ყურადღებას მიაქცევდა, მაგრამ ასე არ მოხდა. გარდა ამისა, ჩვენგან განსხვავებით, ეს ჯიხურები იჯარის გადასახადს არ იხდიან, რითაც კონკურენციის პრინციპი ირღვევა", - ამბობს მერაბ ჩანჩალაშვილი.

ორგანიზაციაში, რომელშიც 165 ადამიანი მუშაობდა, დღეს ორმოცამდე თანამშრომელია. 2017 წლის ბოლოს გახანგრძლივებული ნებართვის ვადაც იწურება და ჯერ ისევ ბუნდოვანია, რას გეგმავს ამ კუთხით ქალაქის მთავრობა.

"2011 წლამდე ჩემს ორგანიზაციაში მუშაობდა 165 ადამიანი, სანამ ერთ ღამეში ჯიხურები - ჯართად, პრესა კი მაკულატურად არ გადაგვიქცია მერიამ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა პოლიტიკურ არენაზე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც შეხვედრა გვთხოვა და დახმარებაც აღგვითქვა. ვიცი, რომ დიდი თანხაც გამოყო "ქართუმ", რითაც ე.წ. ექსპერტთა ჯგუფის მიერ საბოლოოდ ცალკე კომპანია ჩამოაყალიბა და ახალი კონკურენტი შეემატა ბაზარს. ის კი არა, მიდიოდნენ ჩვენს თანამშრომლებთან და უფრო დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ გადასვლას სთავაზობდნენ. იმ თანხიდან, რომელიც მილიონებს შეადგენდა, ერთი თეთრიც კი არ მოხმარებია იმ დროისათვის ბაზარზე არსებულ სამსახურებს.

მთავრობის ცვლილების შემდეგ მერიაში შევიტანეთ განაცხადი. შეხვედრა გვქონდა დავით ნარმანიასთან, რომელმაც თანხმობა განაცხადა პრესისათვის სპეციალური მიზნობრივი აუქციონის გამოცხადებაზე. გაფართოებულ შეხვედრაზე კი, სადაც ვიცე-მერი და სამსახურის უფროსები იყვნენ, რატომღაც შევატყვე, რომ ეს თემა მათ ისე წარმოუდგენიათ, როგორც მხოლოდ ბიზნესი, არადა, ეს სოციალური დატვირთვის სფეროცაა. თუ პირობები იქნება ისეთი, როგორიც საკვების, ალკოჰოლის ან თამბაქოს ბიზნესისათვის, მაშინ ეს მოლაპარაკება დასაწყისიდანვე განწირულია.

გარდა ამისა, ჩვენ ძალიან დიდი ზარალი მივიღეთ წინა ხელისუფლების მხრიდან ჯიხურების აყრის დროს. შეხვედრაზე ვახსენე ეს თემა, რადგან მაშინ დაზარალებული ბიზნესის ნაწილმა მიიღო კომპენსაცია, თუმცა რატომღაც ეს თემა მათთვის ღიმილის მომგვრელი აღმოჩნდა. არადა, ერთ ღამეში "პლანეტა ფორტემ" ოთხასი ათასი იზარალა.

40 წელია, ამ სფეროში ვარ და, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული დავრჩი. მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ბიზნესი არ არის, თორემ სხვაგვარად რომ მეფიქრა, ორი ჯიხურის ფასად მთელი შენობის ყიდვა და სარფიანი საქმის წამოწყება შეიძლებოდა.

მე არ მაქვს ამბიცია, რომ მაინცდამაინც ჩვენთვის შეიქმნას პირობები. გამოვდივარ ინიციატივით, რომ ქალაქმა შექმნას სამსახური, რომელიც თავის თავზე აიღებს და უზრუნველყოფს პრესის გავრცელებას და შემდეგ კონკურსის წესით გადაეცეს კომპანიებს.

2017 წლის ბოლოს გახანგრძლივებული ნებართვების ვადაც იწურება და არ ვიცით, რა იქნება ახალი მერიის პირობებში. რჩება შთაბეჭდილება, რომ დროის გაყვანას ცდილობენ, სანამ ადმინისტრაცია შეიცვლება და პასუხისმგებლობის აღებას ერიდებიან. კეთილი ნების და სწორი მიდგომის გარეშე, არ ვიცი, რა იქნება მომავალში", - აცხადებს მერაბ ჩანჩალაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×