ოჯახის ცნობით, "ცენტრ პოინტი" თვის ბოლომდე გაიყიდება, რის შემდეგაც მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
თიკო ოსმანოვა
21.08.2017

სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში დაიდება. შესაბამისად, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილიც საპატიმროს დატოვებენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დაზარალებულები, რომლებიც ჯერ ობიექტებზე მშენებლობის დასრულებას ითხოვენ. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ რჩეულიშვილი ამბობს, "ცენტრ-პოინტი" იყიდება და დაზარალებულების მოთხოვნას უკვე ახალი კომპანია შეასრულებს.

გუკა რჩეულიშვილის თქმით, "ცენტრ პოინტის" აქტივების ყიდვით 3 მსხვილი სამშენებლო კომპანიაა დაინტერესებული, მათ შორის ერთია უკრაინული კომპანია და მეორე - "ემ კვადრატი". საბოლოოდ რომელზე შეაჩერებენ არჩევანს რჩეულიშვილები, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

 "საპროცესო შეთანხმება თვის ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში გაფორმდება. რამდენიმე დიდი კომპანიაა დაინტერესებული "ცენტრ  პოინტის" ყიდვით. თვის ბოლომდე სამივე თავის წინადადებას შემოგვთავაზებს და ვვარაუდობთ, რომ შემდეგ გაფორმდება საპროცესოც.

"პროკურატურა, ეკონომიკის მინისტრიც და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც საქმის კურსში არიან. გაფორმებისთანავე საქმე დაიძვრება, დაკავებულებიც საპატიმროს დატოვებენ. ვვარაუდობ, რომ ეს იქნება სექტემბერი, თუმცა კონკრეტულ რიცხვს ვერ გეტყვით.

"ცენტრ-პოინტს" ძალიან დიდი აქტივები აქვს. უბრალოდ, ჩვენ "ქეშის" პრობლემა გვქონდა. ასე რომ, კომპანიისთვის, რომელსაც აქვს საშუალება, რომ თანხა ჩადოს, ამ მხრივ "ცენტრ პოინტი" ძალიან მიმზიდველია. ძალიან დიდი თანხაა საჭირო და აუცილებლად დიდმა კომპანიამ უნდა იყიდოს.

"მშენებლობას თვითონ ის კომპანია დაასრულებს. ვალდებულებითი ნაწილი არის სულ 10% იმ პროექტებიდან, რაც უკვე დამტკიცებული გვაქვს. დანარჩენი 90% ჩვეულებრივად ასაშენებელია და კომერციულად საინტერესოა", - უთხრა "მთელ კვირას" გურამ რჩეულიშვილმა.

ამ საკითხის გასარკვევად "მთელი კვირა" პროკურატურასაც დაუკავშირდა, თუმცა საქმის პროკურორებთან დაკავშირება ვერ შევძელით. შოთაძის უწყებაში საქმის გარკვევას დაგვპირდნენ, თუმცა გვიან ღამემდე ამაოდ ველოდეთ.

დაზარალებულები კი, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ათასს შეადგენს, ჯერ მათ დაკმაყოფილებას ითხოვენ. მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვამენ თანხმობას, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.

ერთ-ერთი დაზარალებულის - მაია წულუკიძის თქმით, სანამ არ მოხდება ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილება, მანამდე საპატიმროდან რჩეულიშვილის და კერვალიშვილის გათავისუფლების წინააღმდეგია მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა "ცენტრ პოინტის" ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილისგან პირობა მიიღეს, რომ დაუმთავრებელ ობიექტებზე მშენებლობა სექტემბრიდან დაიწყება.

"გვითხრეს, მშენებლობა სექტემბრიდან დაიწყებაო. რომელიღაც კომპანია ყიდულობს. საუბარია "ემ კვადრატზეც", თუმცა ზოგი ამბობს, ეს კომპანია ამის მყიდველი არ არისო. არ ვიცი, რა გითხრათ. სანამ მშენებლობები არ დასრულდება, მანამდე არ უნდა მოხდეს მათი გათავისუფლება. ასეთი იყო პროკურორების პოზიციაც. ახლა რა ხდება, არ ვიცი.

"ჩვენ, 12 წელია, ველოდებით მშენებლობის დასრულებას, ვიტანჯებით და საერთოდ გავუბედურდით. ასე რომ, იჯდნენ, მე რა ვქნა. 2010 წელსაც გამოუშვეს გირაოთი, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ.

"3 წლის განმავლობაში მპირდებოდა მაია, რომ ჩემს სახლს გააკეთებდა. ძალიან კარგად იცოდა, რომ ქირით ვცხოვრობდი და არაფრის საშუალება არ მქონდა. მაგრამ ამის ნაცვლად ადგა და მილიონები ჩაიდო ჯიბეში.

"500 ათასი დოლარი მაქვს მარტო ბანკებში გადაყრილი. ვარ საერთოდ უსახლკაროდ და კიდევ ამათი დანდობა შეიძლება?!

"იყვნენ გამოშვებულებიც. გირაოც გადაიხადეს, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებიათ. ასე რომ, მათი ნდობა აღარ გვაქვს", - გვითხრა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატ მარინა ცუცქირიძის განცხადებით, საპროცესო შეთანხმების მომხრეა დაზარალებულთა 90%, წინააღმდეგია მხოლოდ რამდენიმე ადამიანი და, ბუნებრივია, მათ ყურადღებას არავინ მიაქცევს.

"არის პატარა ჯგუფი დაზარალებულებისა, დაახლოებით ათი კაცი, რომელიც ამას აპროტესტებს. თვითონ არ იციან, რა უნდათ. ასეთი რამდენიმე ადამიანი ყოველთვის იქნება. მთავარია, 90%-ის მოთხოვნაა, რომ დასრულდეს მშენებლობები და მიიღონ შეძენილი ბინები.

"უმრავლესობა საპროცესო შეთანხმებას სიხარულით ელოდება. შესაბამისად, ამ რამდენიმე ადამიანს ყურადღებას არავინ მიაქცევს. მთავარია დაზარალებულების დაკმაყოფილება", - გვითხრა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ "ცენტრ პოინტის" საქმის 4-წლიანი დავა რამდენიმე თვის წინ დამფუძნებლებისთვის 4-წლიანი სასჯელით დასრულდა. სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილი. თავად მაია რჩეულიშვილის დაპატიმრება კი განაჩენამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×