აუტიზმი შეხებით არ გადადის - ამ სლოგანის ჭეშმარიტებაში აქამდე ეჭვი არავის შეჰპარვია, თუმცა ჟურნალ "ინეუროში" გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატია საწინააღმდეგოს ამტკიცებს. სტატიაში, რომელიც კარდაფის უნივერსიტეტში ჩატარებული უკანასკნელი კვლევის მიხედვითაა მომზადებული, ნათქვამია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ნერვული აშლილობის პრობლემები ერთიდან მეორე ინდივიდზე გადადის. ექსპერიმენტები, რომელთაც შირენ კალბასი ხელმძღვანელობდა, თავდაყირა აყენებს საკითხის ირგვლივ აქამდე არსებულ ყველა წარმოდგენას.
მკვლევრებმა ცდები თაგვებზე ჩაატარეს (რაც შეეხება კავშირს ადამიანისა და თაგვების აუტიზმის ნიშნებს შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორ ფენოტიპს ერთნაირი აუტიზმი ახასიათებს), რომელთაც ერთ-ერთი გენის, "ნეიროლიგინ-3"-ის მუტაცია აღენიშნებოდათ.
ცოცხალ ორგანიზმს "ნეიროლიგინი" სინაფსისთვის - ნეირონების შეერთებისთვის სჭირდება. ასევე, ცნობილია, რომ ნერვული აშლილობის უმეტესობას თან ახლავს სინაფსების ანომალიური განვითარება. მაგალითად, "ნეიროლიგინ-3" შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანში აუტიზმის გამომწვევი გენომი. თუ ცხოველებს ეს გენი გაეთიშებათ, მათ აუტისტის სიმპტომები უჩნდებათ: გაურბიან ერთმანეთს, გაუთავებლად აკეთებენ ერთი და იგივეს და ა.შ.
მკვლევრებმა ასეთი თაგვების გვერდით საცხოვრებელი სრულიად ჯანმრთელ თაგვებსაც მიუჩინეს. მათზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ჯანმრთელმა თაგვებმა დაიწყეს გაუცხოება ერთმანეთის მიმართ. ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი ერთმანეთს დააშორეს, კვლავ დაუბრუნდნენ სოციალურ აქტივობას. ასევე, თუკი იმ თაგვებს, რომელთაც გამორთული ჰქონდათ ნეიროლიგინის გენი, კვლავ ჩაურთავდნენ მას, აუტიზმის ყველა სინდრომი უქრებოდათ.
სპეციალისტების ნაწილი იმედოვნებს, რომ აქ საქმე გვაქვს არა აუტიზმის ახალ თვისებასთან, არამედ ექსპერიმენტში გამოყენებული თაგვების უცნაურ ხასიათთან. ისინი აღნიშნავენ, რომ ცდისპირი თაგვები ხშირად ავლენენ სიჯიუტეს და არცთუ სანდონი არიან.
ამიტომ მეცნიერთა ეს ჯგუფი კვლევებისთვის სხვა ცხოველების გამოყენებას აპირებს. მაგალითად, ვირთხების. ამასთან, ახლახან აუტისტი მაიმუნი შექმნეს და ვარაუდობენ, რომ მას უფრო მეტი მსგავსება აქვს ადამიანთან, ვიდრე მღრღნელს. ასე რომ, შემდეგი ცდისპირი სწორედ აუტისტი მაიმუნი იქნება.